I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

ორგანიზაციული განვითარების თანამედროვე ტენდენციები განათლების სფეროში

თანამედროვე ორგანიზაციები იმყოფებიან გლობალური კონკურენციის გამოწვევის წინაშე, შესაბამისად, მათ მოუწევთ რაციონალიზაციისა და რესტრუქტურიზაციის სისტემური და სიტუაციური იმპლემენტაცია, რაც აისახება სამუშაოს შინაარსზე, საქმიანი ამოცანების დაგეგმვის ახალი მოდელების შემუშავებაზე და პასუხისმგებლობის ხარისხზე. მოტივირებული სამუშაო პირობების შექმნა და თანამშრომლებზე ორიენტირებული კორპორაციული კულტურა არის ორგანიზაციების სამომავლო სიჯანსაღის ცენტრალური საკითხი. პერსონალის იდენტიფიცირება კომპანიის ღირებულებებთან და მიზნებთან გაზრდის მათ ლოიალობას. კულტურული ინტერვენცია ხელს შეუწყობს სასურველი მიმართულებით ცვლილებას. მკაფიო და შთამაგონებელმა ხედვამ უნდა ასახოს სასურველი კულტურა. ეს უნდა იყოს კომუნიკაცია და დემონსტრირება ორგანიზაციის ყველა სფეროში. ღია კომუნიკაცია კულტურის ცვლილების მიზნებისა და პროცესის პროგრესის შესახებ ხელს უწყობს ნდობისა და მხარდაჭერის ჩამოყალიბებას. აქ აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესების გამჭვირვალობა და თანამშრომლების გამოხმაურების გათვალისწინება. სკოლის განვითარების პროგრამის მიზნები: ინოვაციური სკოლის განვითარების პროექტების მართვის მოდელის შემუშავება – საგანმანათლებლო სივრცისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სოციალურ – კულტურული პროექტების დანერგვის მიზნით; სკოლის ორგანიზაციული კულტურული კომპეტენციის განვითარება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით; მოსწავლეთა მოტივაციის განვითარება მათი სოციალიზაციისა და კარიერული მართვის მიზნით; სკოლის განვითარების პროგრამის შესრულების მონიტორინგი – თითოეული მოსწავლის წარმატებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება. ორგანიზაციული განვითარების მართვა უნდა დაუკავშირდეს სოციალური ფაქტორების იდენტიფიკაციას (სოციალური იტერაცია და ჯგუფის დინამიკა დიდ გავლენას ახდენს სამუშაო ქცევასა და მოტივაციაზე; ჯგუფზე ინდივიდუალური ქცევის გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალი ქცევების ასახვისა და განვითარების მიზნით; ინტერპერსონალური უნარებისა და ჯგუფური დინამიური პროცესების ანალიზი). ორგანიზაციული განვითარება არის სისტემური მიდგომა ორგანიზაციული ცვლილებებისადმი.

საკვანძო სიტყვები: მონაწილეობითი მენეჯმენტი. სიტუაციური ხედვა. პროფესიონალური მართვა. პროცესის ხარისხი.

შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის (OSH) კვლევის ანალიზი საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში

ეს კვლევა აანალიზებს შრომის უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის (OSH) პრაქტიკას საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში, განსაკუთრებული აქცენტით მცირე და საშუალო საწარმოებზე (SME) და სტარტაპებზე, ასევე მათზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ახალგაზრდები და/ან ქალები. კვლევა ეფუძნება 41 ბიზნესს შორის ჩატარებულ გამოკითხვას, რომლებიც წარმოადგენენ ტურისტული ბიზნესების სხვადასხვა ტიპებსა და საქართველოს გეოგრაფიულ რეგიონებს. დასკვნები მიუთითებს შრომის უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის რეგულაციების ინფორმირებულობისა და განხორციელების სხვადასხვა დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის უმეტესობა იცნობს ძირითად შრომით უფლებებს, როგორიცაა სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დასვენების პერიოდები, მნიშვნელოვანი ხარვეზებია უფრო კომპლექსური უფლებების ცოდნაში, როგორიცაა კოლექტიური მოლაპარაკებები და მინიმალური ხელფასის მოთხოვნები.

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის (OSH) პრაქტიკის თვალსაზრისით, კვლევამ გამოავლინა გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ტარდება საგანგებო ევაკუაციის პროცედურები და ხანძარსაწინააღმდეგო სწავლება, სხვა კრიტიკული ზომები, როგორიცაა ერგონომიული შეფასებები და სტრესის მართვის პროგრამები ნაკლებად გავრცელებულია. ბიზნესის საკმაოდ დიდი რაოდენობა არ ატარებს რეგულარულ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის (OSH)-ის ტრენინგებს და ბევრ მათგანს აკლია სპეციალიზირებული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სტანდარტების ზედამხედველობაზე.

კვლევა განსაზღვრავს რამდენიმე ძირითად გამოწვევას, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოს მართვას, არაფორმალურ დასაქმებას და უსაფრთხოების რეგულარული ტრენინგის საჭიროებას. ამ დასკვნებზე დაყრდნობით, ნაშრომი რეკომენდაციას უწევს მიზანმიმართულ ინტერვენციებს, როგორიცაა სექტორის სპეციფიური ტრენინგის პროგრამები, რეგიონული კომუნიკაცია და ქალების მიერ ხელმძღვანელობითი ბიზნესის უფრო ძლიერი მხარდაჭერა. ეს ძალისხმევა არსებითია შრომის კანონმდებლობისა და ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის რეგულაციების შესაბამისობის გასაუმჯობესებლად, საბოლოო ჯამში, საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში უფრო უსაფრთხო და სამართლიანი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

საკვანძო სიტყვები: შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა

ბრძოლა ნახევარგამტარების ტექნოლოგიებისთვის: ჩინეთი-შეერთებული შტატები-ტაივანის დაძაბული სამკუთხედი და ესკალაციის ფარული საფრთხე

ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ XXI საუკუნე წარმოუდგენელია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის, მობილური ტელეფონებისა თუ „სმარტ ტექნოლოგიების“ გარეშე, რომელთა როლი და მათზე ადამიანთა მზარდი დამოკიდებულება ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტად იზრდება. ასევე,  წარმოუდგენელია სამყარო დღეს ფართო განხილვის საგნად ქცეულ 5 G ტექნოლოგიებსა და მათ გავლენაზე ინდუსტრიულ წარმოებასა თუ შრომის ბაზარზე, რაც ადამიანთა საქმიანობის ეკონომიკურ სფეროსთან ერთად, მჭიდროდაა დაკავშირებული სამხედრო ინდუსტრიასთან, რომლის განვითარება მიკროჩიპებსა თუ თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებზე თავისუფალი წვდომის გარეშე – შეუძლებელია. თუმცა, ამა თუ იმ ტექნოლოგიის გამოყენებისას ნაკლებად ვფიქრობთ იმ ნიუანსებზე, რომელიც მისი შემადგენელი კომპონენტების წარმოებასთან არის დაკავშირებული. არა და თუ ამჟამად არსებულ ბაზარზე შექმნილ  ვითარებას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ისინი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უდიდესი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული დატვირთვის მატარებელია, რომელიც შესაძლოა ნავთობსა და გაზსაც კი შევადაროთ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ნახევარგამტარების ჩანაცვლება ალტერნატიული წყაროებით – შეუძლებელია. ერთი შეხედვით ამ პატარა კვადრატებში იმალება იდუმალი ძალა, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ცივილიზაციისთვის, რომ რაიმე მიზეზით მათი წარმოების შეწყვეტა მთელ პლანეტაზე ეკონომიკის პარალიზებას იწვევს, რაც განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა კოვიდ-19 პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც მიკროჩიპების დეფიციტმა საწარმოო პროცესებისა და მსოფლიო მასშტაბით მიწოდების ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, ხოლო რიგი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია – სრულად პარალიზებულ იქნა. ამიტომ წამყვანი სახელმწიფოები ძალისხმევას არ იშურებენ და ტექნოლოგიური კონკურენციისა და მარათონის პირობებში ცდილობენ ნახევარგამტარებისა და მიკრო თუ ნანოტექნოლოგიების გლობალური წარმოების ჯაჭვში საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოვებას.

წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია მსოფლიოში არსებული ვითარება აღნიშნული მიმართულებით და როგორ ცვლის იგი არა მხოლოდ მიკროელექტრონიკის სამყაროს, არამედ პოლიტიკასაც. აქცენტირება ხდება იმაზე,  როგორ აქცია პანდემიამ და ჩიპების დეფიციტმა ტაივანის დიდწილად ანონიმური სერვისების კომპანია TSMC (Taiwan Semiconductor Manufacturing Company) – მომავლის ტექნოლოგიებისთვის გლობალური ბრძოლის ცენტრად. აგრეთვე მოცემულია ჩინეთ-შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის დაძაბული ვითარება და რაოდენ მწვავე და მგრძნობიარეა ჩინეთისთვის ტაივანის „დაბრუნება“, რათა გახდეს აბსოლუტური ლიდერი მიკროჩიპების წარმოებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ უსაფრთხოებაზე, რამდენადაც იქ ჩინეთის სამხედრო ბაზების განლაგების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნება კუნძულების მთელი ჯაჭვისა და უახლოესი წყლის სივრცის კონტროლი. თუმცა, გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციები, კომპლექსურად ცვლის უსაფრთხოების გარემოს და რა იქნება ხვალ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

საკვანძო სიტყვები: ნახევარგამტარები, „სმარტ ტექნოლოგიები“, ჩინეთი, ტაივანი, მიკროჩიპების წარმოება, „სილიკონის ფარი“.

იძულებით გადაადგილებულ პირთა მიგრაციისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის კვლევა

1990 წელს აფხაზეთში და 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტების შედეგად,  ნახევარ მილიონამდე საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი. შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მოუწიათ მძიმე სოციო-პოლიტიკურ ვითარებასა და მის თანმდევ კრიზისებთან გამკლავება, რაც მიიჩნევა, რომ უარყოფითად აისახება იძულებით გადაადგილებულ პირთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.  ისინი ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ დისტრესს, რასაც შესაძლოა ხანგრძლივი დესტრუქციული გავლენა ჰქონდეს მათი ცხოვრების ხარისხზე, სოციალური ინტეგრაციისა და ზოგადად, კეთილდღეობის მაჩვენებელზე. კვლევის მიზნად განისაზღვრა შესწავლილიყო იძულებით გადაადგილებულ პირთა მიგრაციული პროცესები და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ქართულ პოპულაციაზე ადაპტირებული ინსტრუმენტების გამოყენებით, კვლევის რაოდენობრივი მეთოდის საშუალებით, მედეგობის, ცხოვრების ორიენტაციის, დეპრესიის, მიგრაციისა და შფოთვის დონის დადგენა გახდა შესაძლებელი. მოცემული კვლევის შედეგები ღირებულ ცოდნას  შექმნის დევნილთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მიგრაციული პროცესების, სოციალური ინტეგრაციისა და ახალ გარემოში ადაპტაციის სირთულეებთან დაკავშირებით. მიღებული მონაცემების ანალიზი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებსა და ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერასა და სერვისებით მათ გაძლიერებაზე არის ორიენტირებული.

საკვანძო სიტყვები: იძულებით გადაადგილება, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მიგრაციული პროცესები, სტრესისადმი მედეგობა.

გარემოსდაცვითი გამოწვევები და მედიის როლი

კვლევაში „გარემოსდაცვითი გამოწვევები და მედიის როლი“ გაანალიზებულია  მედიის მნიშვნელობა გლობალური გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში, ყურადღება მახვილდება  მდგრადი განვითარების საჭიროებაზე, როგორც ეს ასახულია გაეროს მიერ 2030 წლისთვის განსაზღვრულ მიზნებში. ნაშრომში, მედიის ეფექტური გაშუქების აქტუალობის საილუსტრაციოდ, განხილული იქნება კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფების მნიშვნელოვანი გავლენა ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა 2023 წელს მომხდარი მეწყერი შოვში,  წყალდიდობა გურიაში და აფეთქება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე. სტატია განსაზღვრავს მედიის როლს  საზოგადოების ინფორმირებაში კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი კრიზისების შესახებ, გამოავლენს ხარვეზებს გაშუქებაში და მედიის ტენდენციაზე, რომ ფოკუსირება მოახდინოს უკვე მომხდარ ტრაგედიაზე და არა პრევენციულ ზომებზე. დარგის ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ჩატარებული ჩაღრმავებული ინტერვიუებით და საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის გამოკითხვით, კვლევა ცხადყოფს გარემოსდაცვით საკითხებზე უფრო სრულყოფილი, ზუსტი და პრევენციული გაშუქების აუცილებლობას. რეკომენდაციები მოიცავს ჟურნალისტებისათვის ტრეინგების ორგანიზებას, საჯარო განათლების გაუმჯობესებას და მედიის სპეციფიკური სტანდარტების შემუშავებას მოქნილი კომუნიკაციისა და საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების უკეთ გადასაჭრელად.

საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება, გარემოსდაცვითი გამოწვევები, მედიის როლი, მედიის სტანდარტები, საზოგადოების ინფორმირებულობა, გარემოსდაცვითი განათლება

პირდაპირი ეთერები

სტატიაში გაანალიზებულია მასობრივი კომუნიკაციის პირდაპირი გამტარები და პირდაპირი აღქმები, გზავნილისა და დემკოდირებლის რეაგირება იმპროვიზაციულ ინფორმაციაზე.  ასევე აქცენტი გაკეთებულია პირდაპირი სიგნალების დადებითი და უარყოფითი მხარეების წარმოჩენაზე. კვლევაში განხილულია საზოგადოებრივ საზრისებზე ზეგავლენების განსხვავებები და ეფექტიანობა, შედარებითად წინასწარ მომზადებული აუდიოვიზუალური მასალისა და პირდაპირი ინფორმაციულ – შემეცნებით – გასართობი მედია პროდუქტების.

საკვანძო სიტყვები: პირდაპირი აღქმა, ინფორმაცია, საგანგებო სიტუაციები, სპორტული ტრანსლაციები, კურიოზები, კონცერტები, იმპროვიზაციული გამტარი.