I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

პერსონალის ლოიალობა, როგორც კომპანიის სტაბილურობის ფაქტორი

ორგანიზაციების მხრიდან თანამშრომელთა ლოიალობის საკითხისადმი მზარდი ინტერესი იმით არის განპირობებული, რომ დღესდღეობით პერსონალი ნებისმიერი ორგანიზაციის ყველაზე ღირებული რესურსია. ორგანიზაციის თანამშრომლების ჭეშმარიტი სურვილი, ხარისხიანად შეასრულონ თავიანთი სამუშაო, ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ორგანიზაციის სტაბილური განვითარებისთვის დაცული უნდა იყოს გარკვეული ბალანსის პრინციპი: ანუ კომპანიას უნდა ჰყავდეს ლოიალური მომხმარებლები, ლოიალური პერსონალი და ლოიალური ინვესტორები.

 

უშუალო ურთიერთობა კომპანიის თანამშრომლების კმაყოფილებას, რომლებიც კონტაქტში არიან მომხმარებლებთან და თავად მომხმარებლების კმაყოფილებას შორის, ერთად
განაპირობებს კომპანიის ფინანსურ წარმატებას ბაზარზე. ორგანიზაციაზე პერსონალის ზემოქმედების ეკონომიკური ეფექტურობის გაცნობიერებით, მომხმარებელთა ლოიალობაზე და პერსონალის მოტივაციის მნიშვნელოვნების გააზრებით, აუცილებელი ხდება თანამშრომლებისთვის ხელსაყრელი, შეიძლება ითქვას მიმზიდველი და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.

 

არჩეული საკითხის აქტუალობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა კომპანიის სტაბილიზაციის მაჩვენებელია ორგანიზაციის მომგებიანობა, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ დამოკიდებულია თანამშრომლების ეფექტურობაზე. სამუშაო პროცესში ადამიანების მიერ მიღწეული შედეგები დამოკიდებულია არა მხოლოდ მათ ცოდნაზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე, არამედ თანამშრომლების სურვილზე, იმუშაონ ორგანიზაციის სასარგებლოდ.

აშშ-ს ენერგეტიკული დიპლომატია მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრების ტრანსფორმაციის პირობებში (სამხრეთ კავკასიის ვექტორი)

სტატიაში განხილულია აშშ-ს საგარეო ენერგეტიკული დიპლომატიის ძირითადი ასპექტები ამჟამინდელი გლობალური ენერგეტიკული ბაზრის ტრანსფორმაციის კონტექსტში.1 ვლინდება ამერიკული ენერგეტიკული სტრატეგიის თავისებურებები. შესწავლილია აშშ-ის ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტები, რომლებიც ეხება ენერგოუსაფრთხოების პრობლემებს და ენერგეტიკულ სტრატეგიას.

 

„ენერგეტიკული დომინირების“ (ტრამპი) და „ენერგეტიკული დამოუკიდებლობის“ (ნიკსონი) ცნებების თავისებურებები წარმოდგენილია მათი განხორციელების თვალსაზრისით თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების კონტექსტში. განიხილება აშშ-ს ენერგეტიკული ბალანსის სტრუქტურა, რამაც შესაძლებელი გახადა დამოკიდებულების დონის განსაზღვრა ნახშირწყალბადის ნედლეულის, განსაკუთრებით ნავთობის გარე მარაგებზე. აშშ-ის პრიორიტეტები ნახშირწყალბადების ბაზარზე (როგორც ბუნებრივი გაზი, ასევე ნავთობი) და განახლებადი ენერგია შესწავლილია კლიმატის დღის წესრიგის პრიზმაში (კერძოდ, 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმება).

 

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტის საკითხებს აშშ-დან, განსაკუთრებით ევროპულ ბაზრებზე. იდენტიფიცირებულია აშშ-ს ენერგეტიკული დიპლომატიის ძირითადი რისკები და გამოწვევები უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში, ისევე როგორც რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირება. განიხილება აშშ-ის ენერგეტიკული სტრატეგია სამხრეთ კავკასიაში. გამოვლინდა აშშ-ის ენერგეტიკული თანამშრომლობის ძირითადი მახასიათებლები სომხეთთან, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში.

ღია პოლიტიკური რეკლამის დაფარული მნიშვნელობები

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ვიზუალური კულტურის ეპოქა წარმოშვა, რომელშიც ვერბალურ ინფორმაციაზე დიდი მნიშვნელობა ვიზუალურ ინფორმაციას ენიჭება, რადგან ეს უკანასკნელი, უმეტეს წილად, უფრო მეტად არის გაჯერებული იმპლიციტური შეტყობინებებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა ქართული სატელევიზიო ღია პოლიტიკური რეკლამები, რომლებშიც ვიზუალურ ინფორმაციას, ხშირად, ვერბალურ ინფორმაციაზე გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს.

ზოგადად, რეკლამის მწარმოებლები და მით უფრო პოლიტიკური რეკლამის შემქმნელები, ოსტატურად უნდა იყენებდნენ ვიზუალურ კომპონენტს, რათა შეძლონ ინფორმაციული ველის ზრდის ხარჯზე, მომხმარებელზე ზემოქმედების ხარისხის გაზრდა. იმ მიზნით, რომ გაგვეზომა, რა ტენდენციები შეიმჩნევა ამ მხრივ ქართულ პოლიტიკურ მარკეტინგში, გავაანალიზეთ 2014 – 2021 წლების სხვადასხვა ტიპის არჩევნებზე გამოყენებული სარეკლამო რგოლები.

 

საკვლევი პერიოდის განსაზღვრა განპირობებული იყო შემდეგი ფაქტით: 2014 წლიდან ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ დამკვიდრებულ ღია პოლიტიკურ რეკლამათა ნაირსახეობას – კონტრრეკლამა, პროპაგანდა – „ქართულმა ოცნებამ“ შემატა ახალი მოდელი – კანდიდატის მრავალმხრივ პოზიციონირება. ჩვენი მიზანიც ის იყო, რომ დავკვირვებოდით, როგორ ტრანსფორმაციას განიცდიდა ღია სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამა 2014 წლიდან 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების ჩათვლით.

 

ჩვენი კვლევა სიახლეს წარმოადგენს მეთოდოლოგიის მხრივ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ღია თუ ფარული პოლიტიკური რეკლამა სხვადასხვა კონტექსტში უკვლევიათ დარგის სპეციალისტებს, აქამდე არ ყოფილა პრეცედენტი სემიოტიკური ანალიზისა და მედიაეფექტების თეორიების საფუძველზე წარმოჩენილიყო ქართული ღია პოლიტიკური რეკლამების იმპლიციტური მნიშვნელობები. მიგვაჩნია, რომ ღია პოლიტიკური რეკლამების დაფარული მნიშვნელობების სრულყოფილი დეკოდირება ამ ორ დარგზე – სემიოტიკასა და მედიაეფექტების თეორიებზე – დაყრდნობით არის შესაძლებელი.

 

ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ვიზუალური კოდი ერევა რეციპიენტის მიერ შეტყობინების აღქმის პროცესში და აძლევს მიმართულებას. ჩვენ მიერ შესწავლილი მაგალითები ადასტურებს, რომ ფრეიმებს უმეტესად ვიზუალური ელემენტი ქმნის, რომელიც ადრესატს კარნახობს, თუ როგორ უნდა აღიქვას გზავნილი. „დღის წესრიგის“ თეორიაზე დაყრდნობით, კი პოლიტიკური მარკეტინგის პროფესიონალები პოტენციურ ამომრჩეველს სთავაზობენ, თუ რომელ საკითხებზე უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ და შესაბამისად, სარეკლამო რგოლებში სწორედ ამ პრობლემათა გადაჭრის გზებს აჩვენებენ მაყურებელს.

 

2014 წლიდან მოყოლებული ქართული სატელევიზიო ღია პოლიტიკური რეკლამა იხვეწება, შეინიშნება შემოქმედებითი მიდგომის ზრდის ტენდენცია, რაც წინასაარჩევნო კამპანიის ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილს მრავალფეროვანს ხდის. „ნეგატივიზმში გადავარდნაც“ იკლებს და მის ადგილს ისეთი ტიპის სარეკლამო რგოლი იკავებს, რომელიც ორიენტირებულია კანდიდატისა და მისი სამოქმედო გეგმის კრეატიულად წარმოჩენისკენ.

რელიგიური საკითხები ქართულ მედიაში რაოდენობრივი კვლევის ანალიზი

მედიის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რელიგიური კონფლიქტები. სწორედ რელიგიური კრიზისების გაშუქების პროცესში მნიშვნელოვანია ჟურნალისტის პასუხისმგებლობა, მიაწოდოს აუდიტორიას დაბალანსებული, ობიექტური, სტერეოტიპებისგან დაცლილი ფაქტები და მომხმარებელს შესთავაზოს პროფესიონალურ დონეზე მომზადებული მედია- პროდუქტი, ფაქტის დამახინჯების ან/და არასწორი ინტერპრეტირების, ასევე სტერეოტიპული განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბების თავიდან აცილების მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რელიგიურ ჯგუფებში არ უნდა იწვევდეს კონფლიქტის გაღრმავებას. ბოლო პერიოდში ქართული მედია ხშირად აშუქებს რელიგიურ თემებს, რადგან სწორედ, რელიგიური კონფლიქტების რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ მომატებულია.

 

რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობა სახელმწიფოსთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინტერესის სფეროს წარმოადგენს როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში და იდეალურადაც კი მიიჩნევა ისეთი ქვეყანა, სადაც მოწესრიგებულია ეს ურთიერთობები. საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო ასეთ იდეალურ ქვეყანათა შორის, სამწუხაროდ, არ მოიაზრება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის ფაქტები საკმაოდ ხშირად ფიქსირდება და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ხშირად სახელმწიფო მოხელეებზე მეტად მედიაორგანიზაციები უწყობენ ხელს ამ სიტუაციას. როგორ შუქდება რელიგიური მოვლენები ქართულ მედიასივრცეში? ამ მხრივ, მედიაში რელიგიის საკითხთა გაშუქების შესახებ სისტემური და სიღრმისეული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. წარმოდგენილი კვლევა აღნიშნული პრობლემის გამოსწორების დაწყების მცდელობას წარმოადგენს და ბუნებრივია, როგორც ყველა პირველი მცდელობა, უნაკლო არ იქნება. კვლევის ფარგლებში პირველადაა გაანალიზებული საზოგადოებრივი განწყობა ქართულ მედიაში რელიგიის საკითხების გაშუქებისას.

 

წარმოდგენილი ანგარიში რელიგიის საკითხთა გაშუქებისას ქართულ მედიაში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ ამომწურავი სურათის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ვიმედოვნებ, წარმოდგენილი მიგნებები მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს დისკუსიებში და მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგის დაწყება რელიგიის გაშუქების კუთხით ქართული მედიის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენა რუსეთ-სირიის ურთიერთობებზე

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა დიდი ზეგავლენა იქონია არა მხოლოდ აღნიშნულ სახელმწიფოებზე, არამედ მათ ტერიტორიულ მასშტაბებსაც გასცდა. პოლიტიკურმა ქაოსმა განსაკუთრებით ზეგავლენა მოახდინა რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორზე, კერძოდ სირიაზე. ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები განსაკურებით გამოირჩევიან პოლიტიკური არასტაბილური გარემოთი, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით არსებილი არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც მოსახლეობის დიდი ნაწილი არის გაღატაკებული. სწორედ, ამიტომ აღნიშნული რეგიონის სახელმწიფოების პოლიტიკური წარმომადგენლები ეძებენ მათთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს/პარტნიორებს, რომ დაეყრდნონ და შესაბამისად შეინარჩუნონ დომინანტი პოზიცია მათ ქვეყანაში. გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც სირიაა, მისი მოკავშირე რეგიონში არის ირანი, ხოლო გარე აქტორის პოზიციას ბოლო წლებში იკავებს რუსეთის სახელმწიფო.

 

რა თქმა უნდა, სამივე სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები გააჩნია, რის საფუძველზეც ამყარებენ ურთიერთობებს, მაგალითად, ასადის ხელისუფლებაში ყოფნა და ქვეყანაში მის მოწინააღმდეგეების განეიტრალება დამოკიდებულია ირანის და რუსების ძალაზე. ამავდროულად სირია რუსეთისგან საკვები პროდუქტის იმპორტსაც ახორციელებს.

 

2021 წელს რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება სირიაში ხორბლის მიწოდებაზე, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა აღნიშნული პროცესი შეაჩერა, რადგან მისი ყურედღების არეალი მთლიანად გახდა უკრაინა, შესაბამისად ცდილობს მის მიერ წარმოებული ყველა რესურსი მოახმაროს ამ ომმს. სწორედ მიმდინარე ომის ფონზე, სირიაში საკვები რესურსების მიწოდება შენელდა და თითქმის რუსეთის მხრიდან მინიმუმადე დაეცა, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკებას და რა თქმა უნდა, ფასების ზრდაც გარდაუვალი აღმოჩნდა. დარგის ექსპერტების მოსაზრებით, ირანს ყველაზე დიდი შანსი მიეცა, იმისთვის, რომ სირიაში საკუთარ ხელში აიღოს სრული ძალაუფლება, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ყურადღების ეპიცენტრი სხვა სახელმწიფოა. მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნაც, რომ რუსეთის გავლენები მაინც არ შესუსტებულა პოლიტიკური თვალსაზრისით.

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმის გამოწვევები

COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მათ შორის იყო საქართველო და შვეიცარიაც. სხვადასხვა სახელმწიფო, მართალია, სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა პანდემიას და შესაბამისად საგანგებო მდგომარეობაც სრული ან ნაწილობრივი, გრძელ ან მოკლევადიანი ვადით გვხვდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ პანდემია მთელს მსოფლიოში სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საქმიანობის შემაფერხებელი უმთავრესი ფაქტორი გახდა.

 

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვირუსით დაინფიცირების პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფება. ეს პროცესები ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების პრევენციას, მეორე მხრივ კი, უამრავი ადამიანის პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში იზოლირებას უკავშირდება.

 

შესაბამისად კვლევის ავტორებისთვის, საინტერესო იყო, თუ როგორ რეაგირებდა ორი საკვლევი სახელმწიფო (საქართველო და შვეიცარია) არსებულ გამოწვევებზე. შეიცვალა თუ არა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლოს მეთოდები და კონკრეტულად რა პრობლემები გამოიკვეთა. კვლევა ემსახურება პრობლემების გამოკვეთას, შეფასებას ძალადობის გაზრდილი რისკების შესახებ და საბოლოოდ ძალადობის ზრდის პრევენციის მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შეფასებას ორ დასახელებულ ქვეყანაში. საბოლოოდ კი, სტატიაში შეფასდება და შეჯამდება საპასუხო ღონისძიებები და გამოიკვეთება რეკომენდაციები, რომლებიც კრიზისულ მდგომარეობაში იქნა ან ვერ იქნა განხორციელებუ- ლი, და ჩამოყალიბდება რეკომენდაციები.

 

სტატიაში დასახელებული კვლევა ჩატარდა შვეიცარიის საერთაშორისო მობილობის პროექტ „MOVETIA“ ფარგლებში. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-სა და შვეიცარიის აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით და მათი პროფესორების, ექსპერტებისა და სტუდენტთა ჩართულობით. კვლევაში, გარდა სტატიის ავტორებისა ჩართული იყო პროფესორი ინა შანავა. ასევე, სტუდენტები მარიამ ესაიაშვილი, ანა ცირეკიძე, ნინა მალენ, დავიდ ზანიტი, ნიკოლაი ლაიბ და კრისტინა პასკოვ.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობა და როლი უმაღლესი განათლების სფეროში

თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გადააზრება და მათთან გამკლავება სამეცნიერო საქმიანობის მეტად განვითარებას საჭიროებს. სწორედ კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია ეფექტიანი აღმოჩნდეს სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის, ასევე, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, კულტურული თუ სხვა სახის პრობლემის გადაწყვეტის დროს. ამის დასტურია, თუნდაც კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მასთან გამკლავების პროცესი, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმატების შედეგად გადაიჭრა, რაც გამოიხატება ვაქცინის შექმნაში, ხოლო მისი გამოყენებით კი, პანდემიის დამარცხებაში.

 

შესაბამისად, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებმა/სასწავლო უნივერსიტეტებმა1, სადაც ხორციელდება სწავლა-სწავლების პროცესი და კვლევითი საქმიანობა, იქმნება ახალი ცოდნა და გამოცდილება, ხელი შეუწყონ კვლევითი საქმიანობის ზრდა-განვითარებას და სამეცნიერო საქმიანობის სტუდენტებში წახალისებას. ეს კი გამოიწვევს უკვე არსებული ცოდნის გადახალისებას და გამყარებას, ამასთან ერთად კი, შეიქმნება ახალი ცოდნა და მოხდება მისი ინტეგრირება, როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და ა. შ. პროცესებში.

 

სტატია მოიცავს, როგორც საერთაშორისო კვლევების მიმოხილვას, ზოგად მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა და როლი აქვს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას უმაღლესი განათლების სფეროს განვითარებაში, ასევე, საქართველოში ჩატარებული თვისებრივი (ექსპერტული გამოკითხვა) კვლევის შედეგებს, რომლის მიზანია გამოავლინოს უმაღლესი განათლების სფეროში, კერძოდ კი, უნივერსიტეტების და სასწავლო უნივერსიტეტების საქმიანობაში კვლევითი-სამეცნიერო აქტივობებს რა მნიშვნელობა და როლი უჭირავს. ამ პროცესში გამოკითხულნი იყვნენ საქართველოში მოქმედი 10 უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის კვლევითი სამსახურის თანამშრომლები (ჯამში 15 რესპონდენტი), რომლებიც კვლევაში წარმოდგენილნი არიან როგორც დარგის ექსპერტები.

 

კვლევის ძირითად მიგნებებად შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ უნივერსიტეტების უმთავრესი ფუნქცია და როლი არის, როგორც უკვე არსებული ცოდნის გადაცემა ახალი თაობებისთვის, ასევე ახალი ცოდნის შექმნა. უნივერსიტეტები კვლევითი საქმიანობით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ახალი ცოდნის შექმნაში, რაც ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას და ავითარებს სხვადასხვა დარგს. ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კვლევებისთვის სათანადო ფინანსების მოზიდვის და კვლევების ინტერნაციონალიზაციის საკითხი, რაც განავითარებს სამეცნიერო პროექტების ხელმისაწვდომობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.