I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ევროპის მწვანე შეთანხმების სტრატეგიის განხორციელებაში

ევროპის მწვანე შეთანხმება 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალიტეტის მისაღწევად ევროკავშირის ეკონომიკის გარდაქმნის მცდელობას წარმოადგენს. აღნიშნული ქმედება კლიმატის არასასურველი ცვლილებისა და გარემოს დეგრადაციის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას ემსახურება. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების როლი ევროპის მწვანე შეთანხმების განხორციელებისას საინტერესო შეკითხვას ბადებს. ხსენებულ სამეცნიერო შეკითხვაზე პასუხის გასაცემად წინამდებარე კვლევა რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: პირველი ნაწილი გაანალიზებული საკითხებისადმი შესავალს ეთმობა, მეორე ნაწილი ევროპის მწვანე შეთანხმების ძირითად კონცეფციებს განიხილავს, ხოლო მესამე ნაწილი ევროპის მწვანე შეთანხმების სტრაგეგიის განხორციელებისას თანამედროვე ტექნოლოგიების როლს მიმოიხილავს.

საკვანძო სიტყვები: ევროპის მწვანე შეთანხმება, ახალი ტექნოლოგიები, ევროკავშირი

ინვაირონმენტალისტური კინო და სამართლიანი საზოგადოების პრინციპები

გაეროს პარიზის კლიმატის ცვლილებების სამიტი 2015 წელს ჩატარდა, რომელზეც ჩარჩო კონვენციას მსოფლიოს უამრავმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, მათ შორის საქართველომ. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედო ევროკავშირის მწვანე შეთანხმებას, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი საქართველოსთვის მწვანე ეკონომიკისა და კულტურის წახალისების ვალდებულების აორმაგებს, რაც არათუ არ ხდება, ნამოხვანჰესის მაგალითზეც შიშვლდება ქვეყნის არასწორი ეკონომიკური მოდელით მოწყობის მოცემულობა.

 

კინო ის მედიუმია, რომელსაც სამყაროს რეორგანიზების ყველაზე გამორჩეული უნარი და მაშასადამე, დიდი პოტენციალიც აქვს. კინო, როგორ დისკურსების ეკრანი საუკეთესოდ ასახავს კულტურას, რომელიც სამომხმარებლო ღირებულებების თვალსაწიერიდან ერთნაირად უდგება რიგით ადამიანსა და ბუნებას, გარემოს, ეკოლოგიას. მარქსის ფეტიშიზაციის თეორია, რომელიც იდეოლოგიის ადგილმონაცვლე ტერმინის გაჩენიდან ამოიზარდა, კარგად გვიხსნის კულტურის დამოკიდებულებას ბუნებრივი (თუ ადამიანური) რესურსების მიმართ.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კულტურა, რომელიც დისკურსების კონგლომერატს წარმოადგენს, დისკურსების მსგავსად, წარმოებულია იდეოლოგიის მიერ (ზედნაშენი). იდეოლოგია ფლობს ინტელექტუალურ ბერკეტებს, რომლის მეშვეობითაც გაბატონებული ძალების, კლასების დაფუძნება ხდება ამ კლასის ღირებულებების „ნორმად“ წარმოჩენით.

 

მაშასადამე, კულტურა მომართულია გადაარჩინოს ძალაუფლების ვერტიკალები პრობლემების მიჩქმალვით, ან არასრული სიმართლის თქმის გზით. თუმცა სწორედ კულტურა გულისხმობს ბუნების კანონებსა და ამ კანონებზე დაფუძნებულ დისკურებთან დაპირისპირებას. თუმცა პირველ რიგში კაპიტალისუტირი იდეოლოგია ცდილობს სააზროვნო სისტემების საკუთარ თავზე მორგებას, მათ შორის, კულტურის.

 

ქართული კინოს ყოველთვის ჰქონდა იდეოლოგიური ხაზი, თუმცა 1960-იანი წლებში ინტელექტუალურ და შემოქმედებით წრეებში კომუნიზმის დევალვაციის პროცესმა ინდივიდუალიზმის პრობლემაზე გადაიტანა მთელი აქცენტი. მაგალითად, მერაბ კოკოჩაშვილის რამდენიმე ფილმში მთავარი ხაზი ინდივიდსა და გარემოს ურთიერთობაზე იგება, სადაც აპარატი (სახელწიფო) მხოლოდ ცალსახა ბოროტების წყაროდ არის წარმოდგენილი. სწორედ რეგულაციები ქმნიან გარემოსდაცვით კონტექსტს, რაც ერთადერთ გამოსავალად იქცევა მოგების მიღებაზე ორიენტირებული დესტრუქციული სისტემების შესაჩერებლად. ვერც კონკურენცია და ვერც ინდივიდუალური თუ კორპორაციული პასუხისმეგბლობა ვერ მოაგვარებს ეკოლოგიურ კატასტროფებს და ადამიანთა ექსტლუატაციის პრობლემებს.

 

თანამედროვე ქართულ კინოში გარემოზე ზემოქმედებაში უფრო ფართო ჰოლისტური სურათის ამოკითვის სულ უფრო მეტი მცდელობა ჩნდება. სალომე ჯაში იკვლევს ყველაზე მდიდარი ქართველის ახირებას − ასწლოვანი ხეებით დენდროლოგიური პარკის მოწყობის ვნებას, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფის ფონზე კლასობრივ კატასტროფადაც წარმოგვიდგება. ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ კი სვამს მთავარ კითხვას, თუ “რას ვუპასუხებთ ჩვენს შვილებს“, როდესაც ისინი აღმოაჩენენე, რომ უსამართლო სამყაროში ცხოვრობენ, რომელიც ძალაუფლების მქონე ადამიანთა მცირე რაოდენობის სიხარბეს ეწირება.

 

საკვანძო სიტყვები: პოლიტიკური ხელოვნება, კაპიტალიზმის ლოგიკა, გარემოსდაცვა, თანამედროვე ქართული კინო.

ევროპის მწვანე შეთანხმების სტრატეგია და დასაქმების შესაძლებლობები

ევროკომისიის პოლიტიკის ინიციატივათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანსაც 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალიტეტის მიღწევა წარმოადგენს, ხშირად შრომის ბაზართან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოთა ეკონონომიკური ინტერესების კონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენებისკენაა მიმართული. ბევრი ეკონომისტი, პოლიტიკოსი თუ პროფკავშირის წევრი ევროპაში ეკონომიკური ზრდის, დასაქმების გარანტიისა და კლიმატ-ნეიტრალიტეტის თავსებადობას ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, წინამდებარე ნაშრომი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: პირველი ნაწილი ევროპის მწვანე შეთანხმების ძირითად პრინციპებს მიმოიხილავს; მეორე ნაწილი გაანალიზებული ზომების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ევროპის მიერ განცდილ იმ უზარმაზარ დანაკარგებს ეხება, რომლებიც ახალი გადაწყვეტების დანერგვის ხარჯებმა შესაძლოა გამოიწვიონ; კვლევის მესამე ნაწილი ევროპული შრომის ბაზრის ჭრილში დანახული ევროპის მწვანე შეთანხმების
ხარჯებისა და სარგებლის კრიტიკულ კვლევას ეთმობა; ნაშრომის დასკვნითი ნაწილი კი ევროპის მწვანე შეთანხმებასა და შრომის ევროპული ბაზრის ეფექტურობას შორის არსებულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებული მცდარი ჰიპოთეზის გაბათილებას ცდილობს.

 

საკვანძო სიტყვები: ევროპის მწვანე შეთანხმება, შრომის ბაზარი, დასაქმება, კლიმატ-ნეიტრალიტეტი.

ევროპის „მწვანე შეთანხმება“ და მისი გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორზე

ენერგეტიკა თანამედროვეობის არამარტო ეკონომიკური, ეკოლოგიური, კლიმა-ტური, არამედ პოლიტიკური გამოწვევებისა და რისკების საკვანძო დარგია. გლობალური კლიმატის ცვლილებების პირობებში ენერგეტიკის სექტორს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. მზის, ქარის, ჰიდრორესურსების, გეოთერმული ენერგიისა და ბიომასის გამოყენების ზრდა, სათბურის აირების ემისიის შემცირებისა და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ეკონომიკის სუფთა წყაროებზე გადართვის საშუალებას იძლევა. ევროკავშირის მიზნები – ჩაანაცვლოს ტრადიციული ენერგია განახლებადით – ყოველ ჯერზე უფრო ამბიციური ხდება.

 

გლობალური მწვანე შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკური ხედვის საფუძველი უნდა იყოს, დამატებით სტიმულს იძლევა ამისთვის. ნაშრომში ჩატარებული გვაქვს საქართველოს ენერგეტიკის ენერგო ეკონომიკური ანალიზი; განხილული გვაქვს ენერგეტიკული სექტორის სამიზნე მაჩვენებლები და მახასიათებლები; აქვე ვაყალიბებთ ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტიანობის დონის ამაღლების უმნიშვნელოვანეს ამოცანებს; ვსახავთ გზებსა და მიმართულებებს ამ პრობლემების გადასაჭრელად.

 

საქართველო უნდა ეცადოს ჩაერთოს საერთო რადიკალური, რევოლუციური ცვლილებების ფერხულში, რასაც „მე-4 ენერგეტიკული გადასვლა“ ჰქვია. ამ გადასვლით წიაღისეული საწვავის გამოყენება უახლოეს 10 წელიწადში მინიმუმამდე იქნება შემცირებული, ხოლო 2050 წელს მთელ მსოფლიოში „ნახშირბადნეიტრალურ“ ენერგიებზე სწორებაა გამოცხადებული. მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებას სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდება, რომლის უიაფესი წყარო ისევ ჰიდრო ენერგეტიკაა. ნაშრომში დასაბუთებული და გაანალიზებული გვაქვს ჰიდრორესურსების ათვისების აუცილებლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და ვიძლევით კვლევებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს.

 

ჩვენი აზრით, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ეტაპობრივი დაახლოება, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული, გამჭვირვალე და ეფექტიანი ენერგეტიკული ბაზრის მოდელის ჩამოყალიბებას, მიმზიდველი და სტაბილური საინვერსტიციო გარემოს შექმნას, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული რესურსებით ვაჭრობის განვითარებას, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზით განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისებას და ენერგოეფექტიანობაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელებას.

 

ევროპის მწვანე შეთანხმება არის გრძელვადიანი გზა დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლისთვის, პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. იგი ევროპას მოიაზრებს, როგორც პირველ ნახშირბადნეიტრალურ კონტინენტს 2050 წლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირი გეგმავს 2030 წლისთვის ემისიების 50%-ით შემცირებას 1990 წელთან შედარებით. ბუნებრივია, ამის მიღწევა მხოლოდ შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტებისა და გადაწყვეტილებების მიღებითა და განხორციელებით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ჩვენი ნაშრომი განიხილავს მწვანე შეთანხმების ძირითად არსს, მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მის გავლენას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე, განსაკუთრებით საქართველოზე.

 

საკვანძო სიტყვები: ენერგეტიკული კანონმდებობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ემისიების შემცირება, განახლებადი ენერგიის წყაროები.

საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები, პერსპექტივა და ზეგავლენის ზოგიერთი გამოვლინებანი ევროპის „მწვანე შეთანხმების“ პირობებში

საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაციის საკითხი საკმაოდ რთული და შეუქცევადი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გარკვეული წარმატებით მიმდინარეობს ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის, სამართლებრივი თუ საბაზრო რეფორმები, ქვეყანა მაინც დგას მთელი რიგი გამოწვევების წინაშე. ბოლო პერიოდში, წინა პლანზე წამოვიდა მწვანე ეკონომიკის, მწვანე ზრდის და ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების იდეა. მწვანე ეკონომიკა დაფუძნებულია ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და ეკონომიკას აფასებს მისი ბუნებრივი კაპიტალის მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

საქართველო მდიდარია თავისი ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ბიომრავალფეროვნებით, წყლისა და მინერალური რესურსებითა თუ ლანდშაფტური მრავალფეროვნებით. შესაბამისად, ქვეყანას გააჩნია დიდი პოტენციალი გრძელვადიან პერიოდში მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, განსაკუთრებით ისეთ დარგებში როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი და სატყეო მეურნეობა.

 

GGND ანალიზის თანახმად, სწორედ ეს სექტორები არის იდენთიფიცირებული როგორც ყველაზე სწრაფი უკუგების მომცემი, როგორც ეკონომიკური ისე გარემოსადცითი თვალსაზრისით. ამის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კი სპეციფიკური პოლიტიკისა და საკანომდებლო დოკუმენტების მომზადებაა, ხოლო შემდეგ მისი ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. აღნიშნულ პროცესებს თან ერთვის ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი პოლიტიკა, რომელიც ცნობილია როგორც „ევროპის მწვანე შეთანხმების“ სახელით. აღნიშნული პოლიტიკა მიზნად ისახავს ევროპის კონტინენტი გახდეს კლიმატ-ნეიტრალური 2050 წლისთვის. იგი წარმოადგენს სრულიად ახლებურ ხედვას ახალი ევროპული წესრიგის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს მის სამეზობლო ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოზე.

 

თუ რა ეკონომიკური ზეგავლენა ექნება ევროპის ახალ „მწვანე შეთანხმებას” და საქართველოს ეკონომიკაზე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციის და ევროკავშირის ეკონომიკასთან თავსებადობის ხარისხზე.

 

აქვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გამოიყოს: თუ რა გავლენას იქონიებს მწვანე შეთანხმება საქართველო-ევროკავშირის შემდგომ ურთიერთობებზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების თვალსაზრისით. მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თუ რა ზეგავლენას მოახდენს ევროპის „მწვანე შეთანხმება“ საქართველოს ეკონომიკაზე მწვანე ეკონომიკის ფორმირების კონტექსტში. სწორედ აღნიშნული პროცესები არის გაანალიზებული აღნიშნულ სტატიაში, დასახეულია გზები და შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები.

 

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, მწვანე შეთანხმება, მწვანე ეკონომიკა, მწვანე ზრდა.

ევროპის მწვანე შეთანხმება - ღრმა კოგნიტური ილუზიის ჭრილში დანახული ახალგაზრდობის ეკო-ცნობიერება

ევროპის მწვანე შეთანხმება ევროკავშირის ისტორიაში უდიდეს ეკონომიკურ შესწორებას წარმოადგენს. აღნიშნული პროექტის შესახებ კონფერენციებზე, საერთაშორისო შეხვედრებზე და მედიისა თუ კომუნიკაციის სხვადასხვა არხებზე უამრავი პროფესიონალი და ექსპერტი საუბრობს, თუმცა საინტერესოა ეკონომიკის, ინოვაციისა და მეცნიერების სფეროს მიღმა მყოფ ადამიანებს რამდენად ესმით იგი, ისევე როგორც ხსენებულ საკითხთან მიმართებით განსხვავებული აუდიტორიისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართული ადამიანების ცნობიერების დონე. დარგის უამრავი წარმომადგენელი ჩართულია ევროპის მწვანე შეთანხმების მიზნებისთვის გადაწყვეტის გზების ძიებაში და, რა თქმა უნდა, აღნიშნულ სფეროსთან ახლოს მდგომი მეცნიერები ამ მოსაზრებებს იზიარებენ. თუმცა, დარგს მიღმა მყოფი ახალგაზრდა თაობის როლიც საინტერესოა, რომელთა თაობამაც აღნიშნულ პროცესებში იდეების რელობად ქცევა უნდა მოახდინონ. ევროპის მწვანე შეთანხმების ჭრილში მომხმარებლის ცნობიერების მნიშვნელობისა და გავლენის როლიც გასარკვევია.

 

აღნიშნული საკითხის გაანალიზებისას, ავტორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რელევანტური პრობლემის, მომხმარებლის ქცევისა და მდგრადი განვითარების, არა მკაცრად სამეცნიერო ჭრილში და პარადიგმებში, არამედ ადამიანურ ენაზე გასაგები სამეცნიერო გადმოსახედიდან განხილვას. კვლევაში უფრო დეტალური შესვლა გვიჩვენებს, რომ წინამდებარე ნაშრომი ღრმა კოგნიტური ილუზიის ჭრილში დანახული ახალგაზრდობის ცნობიერების ანალიზს წარმოგვიდგენს, ვინაიდან პოტენციურ მომხმარებელსა და მოძრაობის წამმართველ ძალას სწორედ ისინი წარმოადგენენ. ეკოლოგიის ასპექტებთან დაკავშირებით ახალგაზრდა სეგმენტის ცნობიერების ასამაღლებლად ინფორმაციის გაზიარებას ამჟამად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგრამ გამოსარკვევია, ახალგაზრდებს აღნიშნული საკითხი რამდენად აქვთ გაცნობიერებული, და რამდენად შესაძლოა, ისინი ცვლილების განმხორციელებლებად მოგვევლინონ.

 

საკვანძო სიტყვები: ევროპის მწვანე შეთანხმება, ღრმა კოგნიტური ილუზია, მწვანე კამუფლაჟი, ცნობიერება, მდგრადი განვითარება

მოსახლეობის მიერ ბიო-პროდუქტების გამოყენების ანალიზი ზუგდიდისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მაგალითზე

მწვანე ზრდა და მწვანე ეკონომიკა გაეროს მიერ აღიარებულია მდგრადი განვითარების ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორებად.

 

საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს და გამოდის ინიციატივით, რომ მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს ნებაყოფლობითი ღონისძიებები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ეკოსისტემების სერვისების, სუფთა წარმოების, გარემოსდაცვითი განათლებისა და მწვანე სამუშაო ადგილების განვითარების ხელშეწყობა. მწვანე ეკონომიკა და მწვანე ზრდა საჭიროებს მთელი საზოგადოების ჩართულობას. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებ საქმიანობაზე გადასვლა სწრაფად არ ხორციელდება, რადგან მწვანე ზრდა მრავალმხრივი და კომპლექსური
საკითხია და სხვა ფაქტორებთან ერთად მოითხოვს საზოგადოების ცნობიერების გარკვეულ დონეს.

 

ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერებაში აღინიშნება მზარდი ინტერესი ბუნებისთვის ზიანის მიყენების პრობლემის მიმართ, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა საქონლის წარმოებით, ექსპლუატაციითა და უტილიზაციით. ეკოლოგიური თვალსაზრისით არარაციონალური წარმოების და მოხმარების სტრუქტურების ცვლილება, შესაბამისად, გადაიქცევა სოციალური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად. თუმცა, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე ორიენტაცია განმტკიცებული უნდა იყოს მისი მომგებიანობის აღიარებით, საწარმოს შესაძლებლობით მიიღოს, როგორც პირდაპირი ფინანსური სარგებელი – ნედლეულზე გაწეული ხარჯების შემცირების, ნარჩენების დამუშავების, დაზღვევისა და პასუხისმგებლობის გზით, ისე არაპირდაპირი – ეკოლოგიური მარკეტინგის და საზოგადოებრივი აზრის უფრო ეფექტური გამოყენების გზით.

 

მწვანე მარკეტინგული სტრატეგიები, ძვირი და რთულია, გამომდინარე აქედან მისი წარმატებით შესრულება დიდ ძალისხმევას საჭიროებს.2 ფირმებს მწვანე სტრატეგიებმა იმ შემთხვევაში შეიძლება მოუტანონ მოგება, თუ ისინი შეძლებენ ცალსახად გამოიმუშაონ სასურველი მიზნობრივი პოზიციები მომხმარებლების გონებაში ბაზარზე არსებული მწვანე ბრენდის მიმართ. როგორც წესი, დროთა განმავლობაში, უფრო წარმატებული ხდებიან ასოციაციაზე, მეტ სანდოობაზე, ბრენდის ხარისხის გაძლიერებულ აღქმასა და მომხმარებელთა მიზნობრივ ჯგუფებს შორის ბრენდის ლოიალობაზე ორიენტირებული მწვანე სტრატეგიები. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ოთხი კომუნიკაციის შედეგი (ანუ ბრენდის ასოციაციები, სანდოობა (ან ნდობა), ხარისხი და ლოიალობა) ერთობლივად მოიცავს მომხმარებელზე დაფუძნებულ ბრენდის კაპიტალს.

საკვანძო სიტყვები: გარემოსდაცვითი ცნობიერება, მწვანე ზრდა, მწვანე ეკონომიკა, ბიო- პროდუქტი, ეფექტურობა, პროდუქტის გამოყენება.