I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

თანამედროვე ქართული მედიის ენა და მეტყველების კულტურა

თანამედროვე მასმედია, როგორც საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელოვანი საშუალება, განსაზღვრავს ადამიანთა ცნობიერებას, აყალიბებს მათ ინტერესებს, განაპირობებს განწყობას. მან განმანათლებლის როლიც წარმატებით შეითვისა დასაბამიდანვე. ამდენად, მედიის ენას განსაკუთრებული როლი აკისრია როგორც მშობლიური _ ქართული ენის გავრცელებაში, ასევე მოსახლეობის წიგნიერების ამაღლებაში. ენა ადამიანის შემეცნებითი საქმიანობის უმთავრეს იარაღად გვევლინება.

 

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მაგალითი გვაქვს მედიის მხრიდან ენის მიმართ პატივისცემის გამოვლენისა, თანამედროვე სამაუწყებლო ეთერი ხშირად არ გამოირჩევა სამაგალითო ქართულით, განსაკუთრებით მრავლად ენობრივი და სტილისტური შეცდომები ციფრულ მედიაში გვხვდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ელექტრონული მედია ერთადერთი ინფორმაციის წყაროა. მაღალი სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჟურნალისტები ფრთხილად უნდა მოეკიდონ ენას.

 

მასმედიის განვითარება და ტრანცფორმაციის პროცესი გლობალურ ინფორმაციულ სივრცეში არა მხოლოდ ირიბად, არამედ პირდაპირ აისახება, განსაკუთრებით, ინტერნეტ მედიის ენის ფორმირებაზე. ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ–პოლიტიკუმა ცვლილებებმაც მოახდინა გავლენა ენის დეფორმაციის პროცესზე.

 

სამეცნიერო სტატია ეხება მედიის ენის გავლენას ქართული საზოგადოების მეტყველების კულტურაზე. მასში განიხილება თანამედროვე პუბლიცისტური აზროვნების პრობლემური საკიხები, ყურადრება მახვილდება იმ ენობრივ დამახინჯებებზე, რითაც გამოირჩევიან თანამედროვე ჟურნალისტები.

 

მედიაპერსონების მეტყველების პრობლემა აქტუალური, კომპლექსური და მასშტაბურია. მათი გამოსვლები უდევს საფუძვლად საზოგადობის კომუნიკაციურ ურთიერთქმედებას, ხელს უწყობს ენობრივ ზემოქმედებას, ეროვნულ თვითმყოფადობას, ადამიანთა ურთიერთგაგებას, სამყაროს აღქმას.

 

მედია მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ნებისმიერი საზოგადოების ღირებულებით სისტემაზე, მენტალიტეტსა და ენის გამოყენების ნორმებზე. ლიტერატურული ნორმების დარღვევა, რაც შეიმჩნევა თანამედროვე ქართულ მედიაში, უარყოფითად მოქმედებს აუდიტორიასა და მოსაუბრეთა მეტყველების კულტურის დონეზე.

 

საკვანძო სიტყვები: მასმედია, მედიის ენა, მეტყველების კულტურა, მედია ტექსტები, ენის ნორმა, სატელევიზიო დისკურსი.

განათლების სისტემების ჰეტეროგენურობა და უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მოდელი – ევროპული პერსპექტივა

წინამდებარე ნაშრომი ევროპის და აზიის ქვეყნებს შორის განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონთაშორისი და მთავრობათაშორისი მოდელის ეფექტიანობის ევროპული საგანმანათლებლო სისტემის ჰეტეროგენურობის ჭრილში განხილვას ახორციელებს. ნაშრომის ძირითადი თემის მიხედვით, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მოდელის წინაპირობას შიდარეგიონალური ჰომოგენურობა წარმოადგენს.

 

კლასტერული ალგორითმის გამოყენებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროპულ ქვეყნებს ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემა გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრებით, აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ინტეგრირება ცალკეული რეგიონების ნაცვლად მათ ეკონომიკას შორის უნდა მოხდეს.

 

საკვანძო სიტყვები: უმაღლესი განათლება, საერთაშორისო თანამშრომლობა, განათლების სისტემა, ინსტიტუტები, კულტურა.

რუსეთის ენერგეტიკული ექსპანსიონიზმი “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის მაგალითზე ევროკავშირში

თანამედროვე მსოფლიო დამოკიდებულია ენერგეტიკაზე, რომლის მოხმარება მზარდია, ხოლო რესურსების ათვისება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხასიათისაა. აღსანიშნავია, რომ ამ შესაძლებლობით შესანიშნავად სარგებლობს იმპერიალისტური რუსეთი, რაც მისი პოლიტიკური გავლენის არეალის გაფართოებასა და განმტკიცებაში გამოიხატება. როგორც ვიცით ყველა სახელმწიფო თავის ეროვნულ-სტრატეგიულ ღირებულებებზე დაყრდნობით აწარმოებს ენერგეტიკულ პოლიტიკას და განსაზღვრავს ეროვნულ მისწრაფებებსა და პრიორიტეტებს. რუსეთს დიდი რაოდენობით ენერგეტიკული რესურსი გააჩნია, რომელსაც იგი საკმაოდ მიზნობრივად იყენებს. კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტს, ენერგეტიკული პოლიტიკა წარმოადგენს, რასაც ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართავს და ზრდის საკუთარი ქვეყნის როლს საერთაშორისო ასპარეზზე.

 

მიუხედავად დემოკრატიული დასავლეთის და არადემოკრატიული რუსეთის ფუნდამენტურ რადიკალური განსხვავებებისა, ისინი მაინც ახერხებენ საერთო პრევენციულ-კოოპერაციული ურთიერთობების გამონახვას ენერგეტიკული პოლიტიკის კუთხით. ამის ნათელი მაგალითია რუსეთისა და გერმანიის ენერგოურთიერთობები, რომელიც კომპლექსური და მრავალწლიანია. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ცალსახად ზრდის ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე, რაც ბრიუსელის მხარისათვის იმდენად მომგებიანი შეიძლება არ აღმოჩნდეს, რამდენადაც მოსკოვისთვის. პუტინი და მისი მმართველობითი სისტემა თავისი ქვეყნის რესურსებსა და გეოპოლიტიკას „ბინძურად“ იყენებს და ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს მის გარშემო არსებულ პოლიტსივრცეზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დიაპაზონზე. ამიტომაც, განვითარებული დასავლეთისთვის რუსეთი აგრესორად და არადემოკრატიულ ქვეყნადაა აღქმული, რომელიც ნეგატიურ პოლიტიკურ ლანდშაფტს ქმნის, როგორც ევროკავშრისათვის, აგრეთვე საერთაშორისო პოლიტიკური
არენისთვის. რუსეთის ამგვარ მანევრირებას დადებითად არ აღიქვამენ მსოფლიოს ცალკეული ძლიერი სახელმწიფოები, რადგანაც ეს პროექტი მსოფლიო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ამ მოსაზრებას იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

 

აღსანიშნავია, რომ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“, Brexit-ის შემდეგ, გახლავთ პირველი საერთაშორისო დონის პროექტი და იგი ფაქტიურად გვევლინება დინამიკურ ქმედემად, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ევროკავშირისა და რუსეთის ენერგეტიკული ურთიერთობები. ამ ეტაპზე რუსეთისათვის გერმანიის პოლიტიკური ქმედებები უფრო მომგებიანი და პროდუქტიულია, ვიდრე ევროკავშირისთვის, რადგანაც ამ შემთხვევაში მხარეების ენერგეტიკული სექტორი უფრო მეტად ინტეგრირებული გახდება.

 

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, რუსეთი, ჩრდილოეთის ნაკადი 2, ენერგეტიკული პოლიტიკა, გერმანია, ენერგოექსპანსიონიზმი.

თანამედროვე მიდგომები სამეწარმეო საქმიანობის მარკეტინგში

სამეცნიერო სტატიაში გადმოცემულია კომერციულ სფეროში თანამედროვე მარკეტინგის პრაქტიკული მიდგომები. ბაზარზე ორიენტირებული მენეჯმენტი ფოკუსირებულია სწორედ სოციალური მარკეტინგის განვითარებაზე, შესაბამისად ნაშრომში ასახულია საბაზროსოციალური აქტივობის შეფასების მექანიზმის მოდელი.მიზნობრივ ბაზარზე ეფექტური პოზიციონირების მიზნით მნიშვნელოვანია ადექვატური საინფორმაციო მარკეტინგის განხორციელება, რაც წარმოადგენს მოტივს კომუნიკაციურ პოლიტიკასთან მიმართებაში კვლევითი ჰიპოთეზის დამუშავებისა. წარმოდგენილ სტატიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დათმობილი სასაქონლო, საფასო, გასაღებითი და კომუნიკაციური პოლიტიკის ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სამომხმარებლო ფასეულობის ფორმირებაზე.

 

სამეწარმეო საქმიანობაში „მარკეტინგული სრულყოფილების“ პროგრამის შემუშავება მოიცავს იმ პრინციპების კომბინაციას, რომლებზეც უნდა იყვნენ მარკეტოლოგები ფოკუსირებულნი კონკურენტულ გარემოში. მარკეტინგული კომპეტენტერურობა უზრუნველყოფს კომპანიაში მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაციურ-ქცევითი კლიმატის ფორმირებას. სამეწარმეო ობიექტის მარკეტინგის მართვა ეფუძნება თანამედროვე მარკეტინგის კონცეფციას, რაც გულისხმობს ახალი საბაზრო აზროვნების ფორმირებას, კომპანიასა და ბაზარს შორის კომუნიკაციური კავშირების განვითარებას. მარკეტინგის მართვა შეიძლება განხილული იქნეს, როგორც საწარმოო-გასაღებითი საქმიანობის ორგანიზაციის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის საფუძველია ბაზრის პროგნოზირება და შესწავლა მოგების მაქსიმიზაციის მიზნით სამომხმარებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარჯზე.

 

ბიზნესში მარკეტინგის მართვა უკავშირდება კომპანიის შესაძლებლობებსა და საბაზრო გარემოს მოთხოვნებს შორის შეთანხმებულობას, სასურველი შედეგის მისაღებად. სტატიაში კრებსითად ყურადღება გამახვილებულია მარკეტინგის მართვის ეფექტიანობის განმაპირობებელ პრინციპებზე – ურთიერთსარგებლიანობა (კომპანიის ხედვით ფინანსური მდგრადობისა და კონკურენტული უპირატესობის უზრუნველყოფა და მომხმარებლი ხედვით სათანადო ფასეულობის მიღება), სტრატეგიული ორიენტაცია (ბაზრის განვითარებისა და საქონლის სრულყოფის ზრდის შესაძლებლობების პრაქტიკული რეალიზაცია, მკაფიოდ ფორმულირებულ სტრატეგიასა და ეფექტურ ტაქტიკურ ქმედებებს შორის ოპტიმალური თანაფარდობის უზრუნველყოფა), მოთხოვნის ინდივიდუალიზაცია (სოციალური კავშირის განვითარების მექანიზმის ამოქმედება – პერსონალური მარკეტინგის როლი ცალკეულ ინდივიდუუმებთან ადაპტირებული საბაზრო ოპციის შემუშავებაში), მარკეტინგული ინტეგრაცია და ბენჩმარკინგი.თანამედროვე პირობებში მნიშვნელოვანია მარკეტინგის სამსახურის პრიორიტეტული როლის წარმოჩენა და შესაბამისად, ორგანიზაციის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიზნები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს მარკეტინგის სამსახურის პრიორიტეტებთან, ვინაიდან სამომხმარებლო ინტერესების პრევალირება და მათი უპირატესობების გაცნობიერება განაპირობებს საბოლოო ჯამში მოქნილ საბაზრო პოზიციონირებასა და ლეგიტიმაციას – საჯარო აღიარებას.

 

საკვანძო სიტყვები: მარკეტინგის ფილოსოფია. სოციალური მარკეტინგი. კვლევის ჰიპოთეზა. ანალიტიკური სეგმენტაცია. საბაზრო რესტრუქტურიზაცია. “მარკეტინგული სრულყოფილება “.

ციანიდის საქმე ქართულ მედიაში

რელიგია და მასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში მეტად მგრძნობიარე საკითხს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკითხების არასწორად გაშუქება, შესაძლოა, საზოგადოებაში ძლიერი დაპირისპირების ესკალაციისა და კონფლიქის წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორი აღოჩნდეს. რადგანაც მედია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საუკეთესო იარაღია, ჟურნალისტმა აღნიშნულ საკითხთა გაშუქების პროცესში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეთიკური ნორმები და შესაბამისი კანონმდებლობა, ასევე, უნდა იხელმძღვანელოს რელიგიის საკითხთა გაშუქების  საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით.

 

რელიგიური თემების მიმოხილვა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ჟურნალისტური პროდუქტის მომზადება საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური ბოლო წლების განმავლობაშ გახდა, რადგანაც საგრძნობლად იმატა რელიგიურად კრიზისული სიტუაციებისა და კონფლიქტების რაოდენობამ. ამ მიმართულებით, სტატიაში განვიხილავთ საქართველოში განვითარებულ ისეთ აქტუალურ კრიზისულ სიტუაციას, როგორიცაა – ციანიდის საქმე; მიმოვიხილავთ, თუ რა კუთხით იქნა წარმოჩენილი აღნიშნული კრიზისი ქართული მედიის მიერ.

 

როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა გვეჩვენოს, სწორედ ბრალდებული სასულიერო პირისთვის ზიარების წესის მიღების მოთხოვნის ფორმა, მათ შორის, ათეისტურად განწყობილი ცნობადი ადამიანების მხრიდან აქციაზე ამ მოთხოვნის გაჟღერება, გახდა ეკლესიის დისკრიმინაციის ბიძგის მიმცემი. აღსანიშნავია, რომ გიორგი მამალაძის ზიარების შემდეგ მორიგი მოთხოვნით გაგრძელდა ეკლესიაზე შეტევა – დაკავებული სასულიერო პირის გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟის პარალელურად უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს წაუყენეს მოთხოვნა დეკანოზის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან შუამდგომლობასთან დაკავშირებით. საჭირო დროს, იძულებული გახდნენ მაინც ეღიარებინათ პატრიარქის სიტყვის ძალა. ადვილად შეეძლოთ, რომ ერთი მარტივი დეტალი არ დაევიწყებინათ – საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს, თუმცა ამ მოთხოვნის ავტორებს დაკავებული დეკანოზისთვის ეკლესიისგან დევნილ-წამებულის იმიჯის შექმნა სჭირდებოდათ.

 

საკვანძო სიტყვები: ციანიდის საქმე; საპატრიარქო ტახტი; შეტევა ეკლესიაზე; პატრიარქი გერმანიაში.

რა არის „სტრატეგიული კომუნიკაციები“?

სტრატეგიული კომუნიკაციები (შემოკლებით, „სტრატკომი“), როგორც ცალკე დარგი/პროფესია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების და, შესაბამისად, შესწავლის პროცესშია, განსაკუთებით საქართველოში. უფრო მეტიც, თავად ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებსაც კი უჭირთ „სტრატკომის“ მნიშვნელობის და ფუნქციების სათანადოდ გააზრება და ზოგადად, კომუნიკაციისა და ისეთი საინფორმაციო დისციპლინისგან მისი გამორჩევა, როგორიც მაგალითად, „საზოგადოებასთან ურთიერთობაა“.

 

მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალობისა, (განსაკუთრებით კი დღევანდელ ინფორმაციულად გადატვირთულ გარემოში), აღნიშნული თემა სიღრმისეულად შესწავლილი არ არის. წინამდებარე ნაშრომი პირდაპირ და ნათლად ადასტურებს, რომ „სტრატეგიული კომუნიკაციების“ დღემდე არსებული განმარტებები და ავტორთა მსჯელობები არ ქმნიან პროფესიისთვის დამოუკიდებელი თეორიული ჩარჩოს შექმნის საფუძვლებს, რომლებიც თავის მხრივ დაასრულებდნენ ყოველგვარ პროფესიულ გაუგებრობებს და ასევე, შეცდომაში აღარ შეიყვანდნენ თემით დაინტერესებულ ინდივიდებსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

 

აღნიშნული სფეროს ექსპერტთა ნაწილი უკვე წლებია „სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის“ თეორიული ჩარჩოების შექმნას ცდილობს, რაც წესით, „სტრატკომის“ სხვა, მონათესავე დისციპლინებისგან მკვეთრ გამიჯვნას და ამ ახალი დისციპლინისთვის განსხვავებული მოქმედების დიაპაზონის, მიზნებისა თუ ამოცანების დადგენას უნდა გულისხმობდეს. მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნული მცდელობებს სასურველ შედეგამდე ვერ მივყავართ. პროფესიულ, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ სახელმწიფო უწყებებში „სტრატეგიული კომუნიკაციების“, როგორც საინფორმაციო დისციპლინის გამოყენება კონკრეტული პირების ან/და ჯგუფების „ინდივიდუალური“ ინტერპრეტირებით ხდება. ამ პრობლემის კარგი და ნათელი მაგალითია ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, იან ჰავრანეკის განცხადება, სადაც ჰავრანეკმა აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად სტრატეგიული კომუნიკაცია “საზოგადოებრივ ურთიერთბებში” ან პოლიტტექნოლოგიებშიც კი, ერევათო. როდესაც ასეთი პრობლემურია ვითარება „დასავლეთში“, კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია მის პერიფერიებზე, მაგალითად საქართველოში, სადაც „სტრატკომზე“ ცოდნისა და გამოცდილების იმპორტი სწორედ „დასავლეთიდან“ დაიწყო. ნაშრომის მიზანია შემოგთავაზოთ „სტრატეგიული კომუნიკაციების“ უკვე არსებულ განმარტებათა კრიტიკული გააზრება და, მეორე, გაგიზიაროთ მსჯელობა სტრატეგიული კომუნიკაციების ჩვენეული ხედვის მართებულობის შესახებ.

 

ნაშრომში გამოყენებულია ყველა ის ძირითადი ლიტერატურა, რომელიც მეტ-ნაკლებად მოგვცემდა შესაძლებლობას გვემსჯელა არსებულ ტერმინებზე, დაგვენახა პრობლემის არსი და დაგვხმარებოდა პუბლიკაციის მიზნის მიღწევაში – „სტრატეგიული კომუნიკაციების“ განმარტების, ხედვის მართებულობის დადგენა/გააზრებაში.

 

საკვანძო სიტყვები: სტრატეგიული კომუნიკაციები, ტერმინები, საზოგადოებასთნ ურთიერთობა, დაგეგმილი კომუნიკაცია, საინფორმაციო გარემო

აგენტიფიკაცია საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში

აგენტიფიკაცია რიგ ქვეყნებში საჯარო ადმინისტრირების რეფორმების დღის წესრიგის ბოლოდროინდელი ტრენდია. აგენტიფიკაციის კონცეფცია გულისხმობს ცენტრალურ მთავრობასა და სააგენტოებს შორის ურთიერთობის გადაწყობას სააგენტოებისადმი ამოცანების დელეგირების შედეგად. საჯარო სექტორში ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიზნესის მსგავსი მოდელის შემოღებისა და ამ გზით, შრომის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, აგენტიფიკაციის პროცესს ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციები წარმართავენ, მაგალითად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.

 

წინამდებარე კვლევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემავალი ექვსი სააგენტოს (სსიპ-ის) 1 მაგალითზე საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში აგენტიფიკაციის პროცესს შეისწავლის. ემპირიული კვლევის თანახმად, აღნიშნულ სააგენტოებთან (სსიპ-ებთან) სამინისტროს ურთიერთობა სცდება კლასიკური “პრინციპისა და აგენტის” მოდელს და უფრო მეტად ეფუძნება ურთიერთთანამშრომლობისა და კოლაბორაციის პრინციპებს. იურიდიული ხარვეზები, შრომის ეფექტურობის შეფასებისა და მართვის ძველმოდური მეთოდები, მუდმივი რეფორმები და სტრუქტურული ცვლილებები აგენტიფიკაციის პროცესს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ამ კონკრეტული სექტორის აგენტიფიკაციის პროცესზე გარე აქტორების – საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენა არ შეინიშნება. ეს უფრო შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

 

საკვანძო სიტყვები: აგენტიფიკაცია, სსიპ-ები, განათლების სექტორი, პრინციპისა დააგენტის თეორია, სამართლებრივი ჩარჩო

ზოგიერთი სამოქალაქო საპროცესო მოქმედების გავლენა სახელშეკრულებო მოთხოვნათა სასარჩელო ხანდაზმულობაზე

ხანდაზმულობის ცნება მატერიალური გაგებით მჭიდროდაა დაკავშირებული საპროცესო სამართალთან. პირის დარღვეული უფლების აღდგენა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით ხორციელდება. სწორედ ამიტომ გადამწყვეტია მნიშვნელობისაა ცალკეული სამოქალაქო საპროცესო მოქმედების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე გავლენის საკითხის ანალიზი. სტატია ეძღვნება ცალკეული საპროცესო მოქმედების, მათ შორის, მხარის სათანადობის, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების სასარჩელო ხანდაზმულობაზე გავლენის საკითხის კვლევას. ზოგადად, გასათვალისწინებელია, რომ დასახელებული საპროცესო მოქმედებები მხარისათვის მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობისაა ამ საპროცესო მოქმედებების განხილვა სასარჩელო ხანდაზმულობის ჭრილში, კერძოდ, იმის შეფასება, იწვევს თუ არა სამართალწარმოების პროცესში არასათანადო მოსარჩელის ან მოპასუხის ჩართვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ სათანადო მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენა წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ვარგის საშუალებას, თუმცა მხარის არასათანადოდ მიჩნევა არსებითად ცვლის სამართლებრივ მოცემულობას. გარდა ამისა, კანონმდებლობით არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, ბუნდოვანია, სარჩელის მიღებაზე უარის თქმა წარმოადგენს თუ არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ვარგის საშუალებას.

 

განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე, დასახელებული საკითხთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო მოწესრიგება. ამასთან, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში არ არის აშკარა, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადების გავლენა სასარჩელო ხანდაზმულობაზე. სტატია ასევე ეთმობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ხანდაზმულობის შესაგებლის გამოყენების თავისებურებების ანალიზს. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს არაერთგვაროვანი მიდგომა, რამაც, სასარჩელო ხანდაზმულობის არსის გათვალისწინებით, შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი ინტერესის შელახვა. პრობლემების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვანი განმარტების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილია ხსენებული საკითხების სიღრმისეული კვლევა და შემოთავაზებულია რეკომენდაციები.

 

საკვანძო სიტყვები: ხანდაზმულობა, საქმისწარმოება, უზრუნველყოფა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გავლენა, შეწყვეტა, შესაგებელი.

ევროკავშირის N2008/48/EC დირექტივის იმპლემენტაციისას წარმოშობილი პრობლემატიკა

ასოცირების შეთანხმების შემდგომ ქვეყნებს მთელ რიგი კანონმდებლობის იმპლემენტაციის ვალდებულება გაუჩნდათ, იმპლემენტაციის სხვადასხვა სახით განხორციელებამ კი ბევრი პრობლემა და საკანონმდებლო სხვაობა გამოიწვია. აღნიშნულ ნაშრომში განხილულია ევროპარლამენტისა და საბჭოს N2008/48/EC „სამომხმარებლო საკრედიტო ხელშეკრულებების შესახებ“ დირექტივის იმპლემენტაციისას წარმოშობილი პრობლემატიკა, როგორც ქართულ, ისე სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო სამართალში. სტატიაში მოცემულია დირექტივის სრულყოფისას წარმოქმნილი ხარვეზები და საერთაშორისო სტრატეგიები, რომლებიც ყოველწლიურად გარკვეულ პრობლემებს აანონსებს და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით გასცემს რეკომენდაციებს. გარდა საერთაშორისო სტრატეგიებისა, განხილულია 2018-2020 წლის საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის სამოქმედო გეგმა, 1 რომლის თანახმაც პრობლემები არამხოლოდ შესრულების ეტაპზე იკვეთება, არამედ ზოგადად შემსრულებელი სტრუქტურის გაუმართაობაზე და არასრულყოფილ კადრთა შემადგენლობაზეც მიუთითებს. აღნიშნულ გეგმაში იკვეთება საერთაშორისო სტადარტების შესრულების დაბალი ხარისხი, ხოლო რაც შეეხება დირექტივებს, ქართულ კანონმდებლობაში ცალსახად იგრძნობა მათი სიახლე და, აქედან გამომდინარე, ის მთელი რიგი ნორმების შესწორებას საჭიროებს.

 

საყურადღებოა, რომ საკანონმდებლო სიახლე პრაქტკაშიც პრობლემურია და ჯერ კიდევ მწირად ვხვდებით გადაწყვეტილებებს, სადაც დავა სამომხმარებლო სამართლითაა გადაჭრილი. გარდა ქართული სამართლისა, ეს პრობლემა საერთაშორისო პრატიკაშიც აღინიშნება, მაგალითად გარკვეულ ტერმინებთან დაკავშირებით, რომელებიც დირექტივაში ძალიან ფართო განმარტებითაა მოცემული. კერძოდ, მათი განუსაზღვრელობა იწვევს სახელმწიფოებისა და მოსამართლეების მხრიდან საკუთარი ინტრპრეტაციით მათ განმარტებას, რაც საბოლოო ჯამში განსხვავებული პრაქტიკის ჩამოყალიბებას განაპირობებს. მსგავსი სხვაობა კი საზიანო ხდება არამხოლოდ მომხმარებლისთვის, რომელსაც არ მოეთხოვება იყოს გათვიცნობიერებული ნორმების არსში, არამედ ის ვერც იგებს როგორ შეიძლება გადაწყდეს დავა და საერთოდ შეიძლება ვერც მიხვდეს ხელშეკრულების დადების ეტაპზე რა სიტყვები შეიძლება მიესადაგოს ხელშეკრულების მხარეებს, ვალდებულებებს.

 

საკვანძო სიტყვები: იმპლემენტაცია, მომხმარებელი, საკანონმდებლო დაშორება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

მოგების გადასახადის ე.წ. “ესტონური მოდელის” დაბეგვრის ასპექტები და მისი გავლენა საქართველოს ბიზნეს-გარემოზე

საინვესტიციო პოლიტიკის და ზოგადად, ინვესტიციების არსებობა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ზრდადი მაკროეკონომიკური მიმართულებების შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველოს ეკონომიკა პოლიტიკის დონეზე განსაზღვრავს პირდაპირი, შიდა და გარე ინვესტიციების განხორციელებისთვის საჭირო ფართომასშტაბიან ღონისძიებებს. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის შანსები ინვესტიციების მოცულობასთან უშუალო კავშირში იმყოფება, ხოლო თავად ინვესტიციების მოცულობა ქვეყანაში არსებული ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის არსებობითაა განპირობებული. რომელი ინსტიტუციური ფაქტორი თამაშობს საინვესტიციო გარემოში უდიდეს როლს? – ინსტიტუციურ ფაქტორებს შორის საგადასახადო პოლიტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეკონომიკის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობამ სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით ცვლილებები განახორციელა.

 

სამთავრობო, ბიზნეს და აკადემიურმა წრეებმა მოგების გადასახადის ე.წ. “ესტონური მოდელის” განხორციელების მიზნით უამრავი კვლევა და პროგნოზირება განახორციელეს. რეფორმების წინარე და შემდგომმა პერიოდმა უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაბადა: რა სარგებელი მოიტანა რეფორმამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მხრივ? როგორ გაიზარდა შრომის ნაყოფიერება? როგორ გააადვილა რეფორმამ კაპიტალურ რესურსებთან წვდომა? წინამდებარე ნაშრომში ავტორი განიხილავს მოგების გადასახადის ე.წ. “ესტონური მოდელის” პროგნოზებსა და მოლოდინებს, ისევე როგორც საქართელოსა და ესტონეთის მაგალითზე მისი რეალური შედეგების ანალიზს. ავტორი იყენებს ხარისხობრივ და კრიტიკულ კვლევით მეთოდოლოგიას. რეალური გარემოებების საფუძველზე ახორციელებს რეფორმის მოკლევადიან და გრძელვადიან შეფასებას.

 

საკვანძო სიტყვები: მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, კორპორატიული დაბეგვრა, საგადასახადო ტვირთი და პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, საგადასახადო პოლიტიკა.

მომხმარებლის სახელშეკრულებო დაცვის ფარგლები ევროდირექტივასა და საქართველოს სამართლებრივ სივრცეში

სტატია „მომხმარებლის სახელშეკრულებო დაცვის ფარგლები ევროდირექტივასა და საქართველოს სამართლებრივ სივრცეში“ განსაზღვრავს მომხმარებლის სამართლებრივ ადგილს სახელშეკრულებო სივრცეში, იქ სადაც მხარეთა ავტონომია ყველაზე ეფექტურად არსებობს. მართალია, ნების გამოვლენა მოხმარებელს აძლევს უფელბამოსილებას არ დადოს კაბალური ხელშეკრულებები, თუმცა ხშირად „სუსტი მხარე“ მოკლებულია შესაძლებლობას, წინასახელშეკრულებო მოლაპარაკების ეტაპზე, გაეცნოს გარიგების ყველა მუხლს. მეტიც, მომხმარებელს ხშირად გარიგების მიერთების გარდა, არ რჩება სხვა გამოსავალი. სწორედ ძლიერი და სუსტი მხარის უფლებების ბალანსში შემოდის სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები უსამართლო სახელშეკრულებო პირობებებისგან. 2014 წელს საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის მიმართულებით, როდესაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთნხმებას.

 

სწორედ მე-13 თავი ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას და უზრუნველყოს მომხმარებლის უფლებების უპირობო რეალიზაცია. სტატიაში შედარებით-სამართლებრივი მეთოდით განხილულია ევროკავშირის კონკრეტული დირექტივები, რომელიც უსამართლო სახელშეკრულებო პირობებისგან დაცვის პრინციპულ განსაზღვრებებს უდგენს სახელმწიფოებს. ნაშრომი მოიცავს ასევე მომხმარებლის უფლებების შესახებ დირექტივისა და საკრედიტო ხაზის დირექტივის კონცეპტუალურ საკითხებს. სტატია წარმოაჩენს ეროვნული კანონმდებლობის მიდგომასა და საერთაშორისო პრაქტიკის, მართლმსაჯულების სასამართლოს ინტერპრეტაციებს, რაც საბოლოოდ დაეხმარება სამიზნე ჯგუფს მომხმარებლის უფლებების პრინციპების გაცნობასა და დაცვაში. მოცემული ნაშრომი წინგადადგმული ნაბიჯია მეტად საპასუხიმგებლო დარგის „მომხამრებლის უფლებების“ გაძლიერებაში.

 

საკვანძო სიტყვები: სუსტი მხარე, კორპორატიული მოსასხამი, ინკოპორირება, ჰარმონიზაციის გეგმა, დირექტივა, რეგულაცია ევროკომისია.