1990 წელს აფხაზეთში და 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტების შედეგად, ნახევარ მილიონამდე საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი. შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მოუწიათ მძიმე სოციო-პოლიტიკურ ვითარებასა და მის თანმდევ კრიზისებთან გამკლავება, რაც მიიჩნევა, რომ უარყოფითად აისახება იძულებით გადაადგილებულ პირთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ისინი ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ დისტრესს, რასაც შესაძლოა ხანგრძლივი დესტრუქციული გავლენა ჰქონდეს მათი ცხოვრების ხარისხზე, სოციალური ინტეგრაციისა და ზოგადად, კეთილდღეობის მაჩვენებელზე. კვლევის მიზნად განისაზღვრა შესწავლილიყო იძულებით გადაადგილებულ პირთა მიგრაციული პროცესები და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ქართულ პოპულაციაზე ადაპტირებული ინსტრუმენტების გამოყენებით, კვლევის რაოდენობრივი მეთოდის საშუალებით, მედეგობის, ცხოვრების ორიენტაციის, დეპრესიის, მიგრაციისა და შფოთვის დონის დადგენა გახდა შესაძლებელი. მოცემული კვლევის შედეგები ღირებულ ცოდნას შექმნის დევნილთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მიგრაციული პროცესების, სოციალური ინტეგრაციისა და ახალ გარემოში ადაპტაციის სირთულეებთან დაკავშირებით. მიღებული მონაცემების ანალიზი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებსა და ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერასა და სერვისებით მათ გაძლიერებაზე არის ორიენტირებული.
საკვანძო სიტყვები: იძულებით გადაადგილება, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მიგრაციული პროცესები, სტრესისადმი მედეგობა.