გაეროს პარიზის კლიმატის ცვლილებების სამიტი 2015 წელს ჩატარდა, რომელზეც ჩარჩო კონვენციას მსოფლიოს უამრავმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, მათ შორის საქართველომ. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედო ევროკავშირის მწვანე შეთანხმებას, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი საქართველოსთვის მწვანე ეკონომიკისა და კულტურის წახალისების ვალდებულების აორმაგებს, რაც არათუ არ ხდება, ნამოხვანჰესის მაგალითზეც შიშვლდება ქვეყნის არასწორი ეკონომიკური მოდელით მოწყობის მოცემულობა.
კინო ის მედიუმია, რომელსაც სამყაროს რეორგანიზების ყველაზე გამორჩეული უნარი და მაშასადამე, დიდი პოტენციალიც აქვს. კინო, როგორ დისკურსების ეკრანი საუკეთესოდ ასახავს კულტურას, რომელიც სამომხმარებლო ღირებულებების თვალსაწიერიდან ერთნაირად უდგება რიგით ადამიანსა და ბუნებას, გარემოს, ეკოლოგიას. მარქსის ფეტიშიზაციის თეორია, რომელიც იდეოლოგიის ადგილმონაცვლე ტერმინის გაჩენიდან ამოიზარდა, კარგად გვიხსნის კულტურის დამოკიდებულებას ბუნებრივი (თუ ადამიანური) რესურსების მიმართ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კულტურა, რომელიც დისკურსების კონგლომერატს წარმოადგენს, დისკურსების მსგავსად, წარმოებულია იდეოლოგიის მიერ (ზედნაშენი). იდეოლოგია ფლობს ინტელექტუალურ ბერკეტებს, რომლის მეშვეობითაც გაბატონებული ძალების, კლასების დაფუძნება ხდება ამ კლასის ღირებულებების „ნორმად“ წარმოჩენით.
მაშასადამე, კულტურა მომართულია გადაარჩინოს ძალაუფლების ვერტიკალები პრობლემების მიჩქმალვით, ან არასრული სიმართლის თქმის გზით. თუმცა სწორედ კულტურა გულისხმობს ბუნების კანონებსა და ამ კანონებზე დაფუძნებულ დისკურებთან დაპირისპირებას. თუმცა პირველ რიგში კაპიტალისუტირი იდეოლოგია ცდილობს სააზროვნო სისტემების საკუთარ თავზე მორგებას, მათ შორის, კულტურის.
ქართული კინოს ყოველთვის ჰქონდა იდეოლოგიური ხაზი, თუმცა 1960-იანი წლებში ინტელექტუალურ და შემოქმედებით წრეებში კომუნიზმის დევალვაციის პროცესმა ინდივიდუალიზმის პრობლემაზე გადაიტანა მთელი აქცენტი. მაგალითად, მერაბ კოკოჩაშვილის რამდენიმე ფილმში მთავარი ხაზი ინდივიდსა და გარემოს ურთიერთობაზე იგება, სადაც აპარატი (სახელწიფო) მხოლოდ ცალსახა ბოროტების წყაროდ არის წარმოდგენილი. სწორედ რეგულაციები ქმნიან გარემოსდაცვით კონტექსტს, რაც ერთადერთ გამოსავალად იქცევა მოგების მიღებაზე ორიენტირებული დესტრუქციული სისტემების შესაჩერებლად. ვერც კონკურენცია და ვერც ინდივიდუალური თუ კორპორაციული პასუხისმეგბლობა ვერ მოაგვარებს ეკოლოგიურ კატასტროფებს და ადამიანთა ექსტლუატაციის პრობლემებს.
თანამედროვე ქართულ კინოში გარემოზე ზემოქმედებაში უფრო ფართო ჰოლისტური სურათის ამოკითვის სულ უფრო მეტი მცდელობა ჩნდება. სალომე ჯაში იკვლევს ყველაზე მდიდარი ქართველის ახირებას − ასწლოვანი ხეებით დენდროლოგიური პარკის მოწყობის ვნებას, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფის ფონზე კლასობრივ კატასტროფადაც წარმოგვიდგება. ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ კი სვამს მთავარ კითხვას, თუ “რას ვუპასუხებთ ჩვენს შვილებს“, როდესაც ისინი აღმოაჩენენე, რომ უსამართლო სამყაროში ცხოვრობენ, რომელიც ძალაუფლების მქონე ადამიანთა მცირე რაოდენობის სიხარბეს ეწირება.
საკვანძო სიტყვები: პოლიტიკური ხელოვნება, კაპიტალიზმის ლოგიკა, გარემოსდაცვა, თანამედროვე ქართული კინო.