პროფესიული განათლების მოდერნიზაცია ციფრული ეკონომიკისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
ირმა ოქროპირიძე [email protected] https://orcid.org/0009-0009-6723-7372
მაია ნონიაშვილი [email protected] https://orcid.org/0009-0009-2321-0792
აბსტრაქტი
ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარება და ხელოვნური ინტელექტის (AI) ფართომასშტაბიანი დანერგვა ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის სტრუქტურას, დასაქმების ფორმებსა და მოთხოვნილ უნარებს. აღნიშნულმა პროცესებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა პროფესიული განათლებას სისტემებს, როგორც მთავარ ინსტრუმენტს სამუშაო ძალის მომზადებისა და გადამზადებისთვის. სტატიის მიზანია გააანალიზოს ციფრული ეკონომიკისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენა პროფესიულ განათლებაზე, გამოავლინოს ძირითადი სისტემური გამოწვევები და შეაფასოს პროფესიული განათლების ადაპტაციის შესაძლებლობები გლობალურ და საქართველოს კონტექსტში.
კვლევა ეფუძნება მეორადი მონაცემების ანალიზს, საერთაშორისო ორგანიზაციების (Organization for Economic Co-operation and Development, World Economic Forum, World Bank, European Commission, Asian Development Bank) დოკუმენტებსა და ანალიტიკურ ანგარიშებს. სტატიაში განხილულია ხელოვნური ინტელექტის როლი განათლების სისტემის განვითარებაში, პროფესიული განათლების ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებები, უნარებზე დაფუძნებული დაქირავების ზრდა და მიკრო-სერტიფიკატების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს განათლების სისტემის ციფრულ მზაობას და გამოწვევებს, პლატფორმული დასაქმების განვითარებასა და საქართველოში პროფესიული განათლების მიწოდების არსებულ ხარვეზებს.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად საქართველოში ციფრული განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა, პროფესიული განათლების სისტემა კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემები, ფინანსური რესურსები, ადამიანური რესურსების ნაკლებობა და ციფრული კომპეტენციების არასაკმარისი ინტეგრაცია. აღნიშნულია პროფესიულ პროგრამებზე დაბალი მოთხოვნა , რაც გამოწვეულია დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილ უნარებსა და პროფესიული პროგრამების მიერ მიწოდებულ უნარებს შორის შეუსაბამობით.
დასკვნაში წარმოდგენილია პოლიტიკისა და სისტემური განვითარების რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემის ტრანსფორმაციას ხელოვნური ინტელექტის ეპოქის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
საკვანძო სიტყვები: ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, პროფესიული განათლება, ციფრული ტრანსფორმაცია.