მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დაზარალებულის ცნობიერების ან/და აღქმის უნარის დაკარგვის შემთხვევაში
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი
ნათია მახათაძე [email protected]
მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის სრულყოფილი მოწესრიგება კვლავ რჩება მნიშვნელოვან და პრობლემურ სამართლებრივ საკითხად. საქართველოს კანონმდებლობა არ ახდენს მორალური ზიანის ანაზღაურების სრულყოფილ რეგლამენტაციას, რაც პრაქტიკაში წარმოშობს ბუნდოვანებას. საერთო სასამართლოებისათვის მინიჭებული ფართო დისკრეციის ფარგლებში ინდივიდუალური შემთხვევების დამოუკიდებლად შეფასება ხშირად უკავშირდება მსგავსი შემთხვევების განსხვავებულ გადაწყვეტასა და არაერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარების რისკებს. სწორედ ამიტომ არსებით მნიშვნელობას იძენს მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემური ასპექტების სისტემური ანალიზი და ერთგვაროვანი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება.
მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს მიეკუთვნება დაზარალებულის ცნობიერებისა და აღქმის უნარის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის შემთხვევებში მორალური ზიანის დასაშვებობის განხილვა. აღნიშნული საკითხი პირდაპირ არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, ამასთან, არც სასამართლო პრაქტიკა არსებობს მის შესახებ, რაც აორმაგებს საკითხის კვლევის ინტერესს. ცნობიერებისა და აღქმის უნარის სრულად დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია მორალური ზიანის ანაზღაურების მის ფუნქციებთან თავსებადობის საკითხის კვლევა, ვინაიდან მსგავს შემთხვევაში დაზარალებულისათვის მორალური ზიანის მიკუთვნებით შეიძლება ვერ იქნეს მიღწეული მიყენებული ზიანის კომპენსირების და დაზარალებულის დაკმაყოფილების მიზნები, რაც სადავოდ აქცევს, ზოგადად, მსგავსი შემთხვევებისათვის მორალური ზიანის აღიარების საკითხს.
ნაშრომის ფარგლებში განხილულ იქნება დაზარალებულის ცნობიერების ან/და აღქმის უნარის დაკარგვის შემთხვევებში მორალური ზიანის დასაშვებობის, დაზარალებულის ინტერესების დაცვის, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები, იდენტიფიცირებულ იქნება ძირითადი პრობლემური ასპექტები და წარმოდგენილ იქნება მათი გადაწყვეტის გზები.
საკვანძო სიტყვები: ზიანი, მორალური, დაკარგვა, ცნობიერება, კომპენსაცია, პიროვნება.