ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სურათების, ვიდეოს ან აუდიოს მანიპულაცია (Deep Fakes) და ქართული სისხლის სამართალი
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი
ბაჩანა ჯიშკარიანი [email protected] Orchid ID https://orcid.org/0009-0002-0489-1712
თანამედროვე ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ე.წ. ხელოვნური ინტელექტის, განვითარების პროცესი ეროვნულ და საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ სისტემებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, რამდენადაც მსგავსი ტექნოლოგიები, ერთი მხრივ, აადვილებს ბევრი საკითხის მარტივად გადაჭრას, თუმცა, მეორე მხრივ, ის პრობლემების წინაშეც გვაყენებს, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტით სხვადასხვა სახის ისეთი ქმედების ჩადენაა შესაძლებელი, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვნად არღვევდეს სხვის უფლებებს და ინტენსიურად იჭრებოდეს ადამიანის პირად სივრცეში. ასეთი ქმედებები კი შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს, მათ შორის, სისხლის სამართლის გამოყენებითაც, რათა სამართალგანვითარებამ ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ პროგრესს.
აღნიშნული სტატიის მიზანი არ არის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკითხების ფართო ასპექტების მიმოხილვა. ის შემოიფარგლება ე.წ. Deep Fake-ის პრობლემატიკით, ქართულ, ევროპულ და გერმანულ სისხლის სამართალთან მიმართებით მათ შორის, შედარებითსამართლებრივ ჭრილში, რათა შეფასდეს საერთაშორისო გამოცდილების ფონზე გამოწვევები ქართულ სისხლის სამართალში. ამისათვის გაანალიზებულია ქართული, გერმანული და ევროკავშირის კანონმდებლობიდან ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად, უნებართვოდ სხვის გამოსახულების შემცველი, ხელოვნურად გენერირებული მასალების გავრცელება, არასრულწლოვნის თუ სრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადება, გავრცელება და ა.შ.
ცალკეული პრობლემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართული სისხლის სამართალი, მართალია, ფრაგმენტულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, უკვე არსებული ნორმების განმარტების ხარჯზე, თუმცა, ეს აშკარად არ არის საკმარისი და მთელი რიგი საკითხებისა, მოწესრიგების გარეშე რჩება, რაც რეალურად დასჯადობის არარსებობას გულისხმობს. მართალია, სისხლის სამართლის ფუნქცია არ არის ყველანაირი დარღვევის დანაშაულად გამოცხადება, მაგრამ როდესაც საუბარია სხვისი ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ან პირადი ავტონომიის უხეშ და განსაკურებით ინტენსიურ შელახვაზე, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სისხლის სამართლის გამოყენება.
საკვანო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, Deep Fakes, სისხლის სამართალი.