სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

სექსუალური განათლების სწავლების საჭიროება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში

სალომე ხაჟომია

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 9 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS9/Khazhomia

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი

 

სალომე ხაჟომია           [email protected]

 

სექსუალური განათლება ახალგაზრდებს პირად ურთიერთობასა თუ ჯანმრთელობაზე სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებაში ეხმარება. იგი მოიცავს ინფორმაციას სექსუალური ძალადობის, არასასურველი ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მისი სწავლების მთავარი მიზანია ახალგაზრდების დახმარება, რომ მათ ჰქონდეთ პოზიტიური შეხედულება სხვადასხვა საკითხის მიმართ. სექსუალური განათლება ხელს უწყობს ჯანსაღ და ჰარმონიულ ურთიერთობებს და ეხმარება ადამიანებს, გააცნობიერონ გენდერული თანასწორობის არსი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ქვეყანაში სექსუალური განათლება შეისწავლება პედაგოგების მიერ, ზოგიერთ მათგანში ის აკრძალულია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სექსუალური ძალადობისა და არასასურველი ორსულობების ზრდას. ამის გათვალისწინებით, სექსუალური განათლების სწავლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმაციის გავრცელებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

გარკვეულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, სექსუალური განათლება სკოლის სასწავლო პროგრამებშია ინტეგრირებული და ეს აისახება საზოგადოების რეპროდუქციული ჯანმრთელობის კეთილდღეობაზეც. ნიდერლანდებში, ადამიანის სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმაცია, ბაღის ასაკიდან შეისწავლება. საქართველოში ეს საკითხი დღემდე განხილვის თემას წარმოადგენს, რაც განპირობებულია რელიგიური თუ კულტურული ფაქტორებით. 2018 წლიდან, სკოლებში ახალი საგანი „მე და საზოგადოება“ შემოიღეს, რომელიც მოსწავლეებს სექსუალური განათლების საკითხებთან მიმართებით, გარკვეული ცოდნის მიღებაში ეხმარება.

კვლევა ეყრდნობა განათლების მეცნიერების თეორიებს, რომლებიც გადმოსცემენ იმ მთავარ არსს, თუ რისთვის არის მნიშნვნელოვანი სექსუალური განათლების სწავლება. ერთ-ერთი მათგანი არის ჰოლისტური განათლების მიდგომა, რომელიც დაფუძნებულია იმ აზრზე, რომ სექსუალური განათლება, ერთი მხრივ საჭიროა ბიოლოგიური ანატომიის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად, ხოლო მეორე მხრივ, ემოციური და სოციალური საკითხების გასააზრებლად. ჰოლისტური განათლების თეორიის თანახმად, სექსუალური განათლება ადამიანის სექსუალობის შესახებ სრულყოფილ ცოდნად მოიცავს.

აქვე აუცილებელია ხაზი გაესვას ჯანმრთელობის განათლების თეორიას, რადგან სექსუალური განათლების სწავლებაში მოიაზრება არასასურველი ორსულობისა თუ სხვადასხვა დაავადებისგან თავის დაცვის მექანიზმები. თუ ახალგაზრდებს სექსუალური განათლების შესახებ ცოდნა ექნებათ, მათ მეტი რამ ეცოდინებათ საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეც. სწორი ინფორმაციის მიღებაში, აუცილებელია მასწავლებელთა გადამზადება და სწორი სახელმძღვანელოების შერჩევა.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს სექსუალური განათლების ინტეგრირების მეთოდების პოვნა საგანმანათლებლო სფეროში საქართველოსა თუ საერთაშორისო მასშტაბით. ასევე, მისი სწავლების შედეგების ასახვა ახალგაზრდების ურთიერთობების ფორმირებაზე და ბარიერების წარმოჩენა სექსუალური განათლების დანერგვის კუთხით. ნაშრომი მიემართება იმ ძირითადი იდეისკენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს სექსუალური განათლების სწავლებამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასევე, განხილულია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე არსებული რეკომენდაციები, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს უსაფრთხო და სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება სექსუალურ თუ გენდერულ საკითხებთან მიმართებით.

ნაშრომი დაფუძნებულია, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შედარებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე, სექსუალურ განათლებასთან მიმართებით. კვლევა ეყრდნობა ხარისხობრივ და რაოდენობრივ მეთოდს, რომელიც მოიცავს როგორც სტატისტიკურ ანალიზს, ასევე ინტერვიუებს,  სახელმძღვანელოებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკასა და სტატისტიკას. 

მისი კვლევითი ჩარჩო მოიცავს სექსუალური განათლების სწავლების ზემოქმედებას ახალგაზრდების რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა თუ პირად ურთიერთობებზე. მთავარ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ  მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. 

 

საკვანძო სიტყვები: სექსუალური განათლება, სექსუალობა, არასასრუველი ორსულობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა.