სტუდენტთა საერთაშორისო მობილობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი
ნინო წერეთელი [email protected]
თამარ კაკუტია [email protected]
თამარ ბერიძე [email protected]
განათლება პიროვნული და პროფესიული ზრდისა და საზოგადოებრივი წინსვლის წყაროა. საგულისხმოა განათლების როლი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობაში. 2005 წელს საქართველოს ბოლონიის პროცესში გაწევრიანებით საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის ევროპეიზაციის პროცესს. მას შემდეგ გაიზარდა სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის მნიშვნელობა და მიმართვიანობა, რომელიც როგორც ბოლონიის პროცესის მამოძრავებელ ძალას, ისე მის შედეგს წარმოადგენს. სტუდენტთა საერთაშორისო მობილობა სტუდენტების საზღვარგარეთ გადაადგილებას გულისხმობს აკადემიური განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების მოტივით. იგი სტუდენტებისთვის ახალი კულტურების შესწავლის, საკუთარი კულტურის გაზიარების, ღირებულებათა სისტემის ფორმირებისა და კომპლექსური უნარების განვითარების საშუალებაა. საერთაშორისო მობილობა სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლების მიღებისა და ისეთი უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას, რომლებიც, ძირითად შემთხვევაში, არ ისწავლება ადგილობრივ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ის ასევე განიხილება, როგორც საერთაშორისო კარიერულ პერსპექტივებზე წვდომის გზა, რომელიც აუმჯობესებს დასაქმების შესაძლებლობებს დღევანდელ სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე.
გასული ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები ფოკუსირებული იყო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის, განათლების ხარისხის, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებაზე. სტრატეგიულად ქმედითი ნაბიჯები მიმართული იყო ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში (EHEA) საქართველოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ინტეგრაციისკენ. თუმცა ისეთი პატარა და კვლავაც განვითარებადი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების უწყვეტი მცდელობის მიუხედავად, მაინც არსებობს არაერთი გამოწვევა სტუდენტთა საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებით.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია შეისწავლოს სტუდენტთა საერთაშორისო მოკლევადიანი მობილობა, საქართველოში მოქმედი მოკლევადიანი მობილობის პროგრამები და გამოავლინოს მობილობის პროცესთან დაკავშირებული ბარიერები.
საკვანძო სიტყვები: უმაღლესი განათლება, სტუდენტთა საერთაშორისო მობილობა, ბოლონიის პროცესი, ევროპული უმაღლესი განათლების სივრცე