სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

კვლევითი შესაძლებლობების როგორც მრავალდონიანი ფენომენის კონცეპტუალური ანალიზი უმაღლეს განათლებაში

ნანო პაჭკორია, ამირან ბერძენიშვილი

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 11 (2026) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS/11/Patchkoria/Berdzenishvili

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

ნანო პაჭკორია   [email protected]

ამირან ბერძენიშვილი

 

აბსტრაქტი

უმაღლეს განათლებაში კვლევის მზარდმა სტრატეგიულმა მნიშვნელობამ გაამძაფრა კვლევითი შესაძლებლობების კონცეპტუალიზაციის აუცილებლობა ფრაგმენტული პერსპექტივების მიღმა, რომლებიც კვლევით პოტენციალს ძირითადად ინდივიდუალურ უნარებსა თუ ინსტიტუციურ რესურსებთან აკავშირებს. არსებული მიდგომები, როგორც წესი, აანალიზებენ კვლევით შესაძლებლობებს განცალკევებულ ანალიტიკურ დონეზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სტრუქტურულ, ორგანიზაციულ, კულტურულ და სისტემურ დონეებს შორის დინამიკურ და ურთიერთდამოკიდებულ კავშირებს. ამის შედეგად, კვლევითი შესაძლებლობები ხშირად განიხილება როგორც სტატიკური რესურსი და არა როგორც მრავალდონიანი, პროცესუალური და კონტექსტზე დამოკიდებული ფენომენი.

თანამედროვე გლობალური გამოწვევები, როგორიცაა ქვეყნებს შორის კვლევითი შესაძლებლობების არათანაბარი განაწილება, განვითარებადი და განვითარებული სისტემების განსხვავებული რესურსები, საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის სირთულეები და ხარისხის უზრუნველყოფის მზარდი მოთხოვნები კვლევითი საქმიანობის მიმართ, ცხადყოფს, რომ კვლევითი შესაძლებლობების განვითარება საჭიროებს ინტეგრირებულ და მრავალდონიან ანალიზს.

სტატიაში წარმოდგენილია ოთხდონიანი კონცეპტუალური მოდელი, რომელიც აერთიანებს ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ/ინსტიტუციურ, კულტურულ და სისტემურ დონეს ერთიან ანალიტიკურ ჩარჩოში. მოდელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დონეებს შორის ურთიერთქმედების მექანიზმებზე - ზემოდან ქვემოთ მიმართულ სტრუქტურულ გავლენებზე, ქვემოდან ზემოთ ინიციატივებსა და კულტურულ მედიაციაზე, რომლებიც განსაზღვრავს კვლევითი გარემოს მდგრადობასა და განვითარებას.

შემოთავაზებული მოდელი პასუხობს აღნიშნულ გლობალურ გამოწვევებს იმით, რომ უზრუნველყოფს კვლევითი შესაძლებლობების მრავალდონიან და ინტეგრირებულ ანალიზს, რაც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა კონტექსტში არსებული სტრუქტურული და დინამიკური პროცესების უკეთ გააზრებას.

ნაშრომი ხელს უწყობს უმაღლეს განათლებაში კვლევითი შესაძლებლობების უფრო სტრუქტურულად დასაბუთებულ და თეორიულად ინტეგრირებულ გაგებას. შემოთავაზებული მოდელი წარმოადგენს როგორც კონცეპტუალურ წვლილს განათლების სოციოლოგიაში, ისე ანალიტიკურ ინსტრუმენტს კვლევის განვითარების პროცესების სტრატეგიული დაგეგმვისა და შეფასებისთვის და ქმნის საფუძველს მისი შემდგომი ემპირიული ვალიდაციისთვის როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კონტექტში.

საკვანძო სიტყვები: კვლევითი შესაძლებლობები, უმაღლესი განათლება, მრავალდონიანი მოდელი, კვლევითი გარემო, ინსტიტუციური განვითარება, სტრატეგიული დაგეგმვა.