სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

სამყაროს რაციონალიზაცია და წმინდა ძალის (საკრალური) მიმართ ძრწოლა

ალექსანდრე ხმალაძე

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 11 (2026) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS/11/Khmaladze

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

 

ალექსანდრე ხმალაძე  [email protected]

 

აბსტრაქტი

სტატიის კვლევის ობიექტია საკრალურის მიმართ ძრწოლა, რომელიც განხილულია, როგორც ადამიანური განცდის განსაკუთრებული სახე. ტექსტის ამოსავალი წერტილია ძრწოლის, როგორც შიშის მეორე მხარის ინტერპრეტაცია, რაც ფუნდამენტურად მოცემულია ს. კირკეგორის ნაშრომში „შიში და ძრწოლა". ადამიანი საშინელების განცდამ აშკარა საფრთხის დროს შეიძლება მოიცვას, მაგრამ სულს შეუძლია განიცადოს ძლიერი შერყევა მაშინაც კი, როდესაც არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს. ეს მდგომარეობა მრავალმხრივი და მრავალსახოვანია. იგი შესაძლოა წარმოიშვას ამაღლებულთან შეხვედრისას, რელიგიური რწმენის აქტში. სტატიაში აღწერილია ამ განცდის გამოვლინებები ადამიანური ყოფიერების სხვადასხვა სფეროში. თანამედროვე სამყაროში ძრწოლის სფერო შევიწროებულია, ვინაიდან, მ. ვებერის გამოთქმით, მოხდა სამყაროს „განჯადოება". მაგრამ საკრალური ძალაუფლების (წმინდა ძრწოლის) განცდა კვლავაც რჩება წმინდა ადამიანურ გამოცდილებად.

ავტორი დეტალურად განიხილავს თემის ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: ძრწოლისა და საკრალურის განცდის გენეზისი, ძრწოლის განცდის მეტაფორული და სიმბოლური გამოხატვა „უფსკრულის" სახით. ასევე გააზრებულია გნოსტიკური ტრადიცია, რომელიც შეისწავლის ძრწოლის განცდას შეცნობის პროცესში და მის შემდეგ.

სტატიაში ნაჩვენებია, რომ ძრწოლის განცდა თავისთავში შეიცავს სხვადასხვა მოდალობებს, საკრალურის გამოხატვისას იგი ამბივალენტურია. ძრწოლის განცდა შესაძლოა წარმოდგეს როგორც სახე და მიემართებოდეს როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ რეალობას. იგი ეგზისტენციალური ჭეშმარიტების ინდიკატორია. კვლევის სიახლე მდგომარეობს მცდელობაში, აჩვენოს ამ განცდის მრავალმხრივობა ადამიანური ყოფიერების სხვადასხვა სფეროს მიმართ. განსაკუთრებულ ყურადღებას ავტორი ამახვილებს ევროპელი ადამიანის ცხოვრების დესაკრალიზაციის ფაქტზე, რაც იწვევს ძრწოლის, როგორც ეგზისტენციალური განცდის ატრიბუტის, ჩვენი ცხოვრებიდან განდევნას.

საკვანძო სიტყვები: მოწიწება, შიში, საკრალური, ამბივალენტობა, წმინდა, ამაღლებული, უფსკრული, ჭეშმარიტება, გნოზისი, ეგზისტენციალი.