ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
ილია ბეგიაშვილი [email protected]
აბსტრაქტი
ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ტექნოლოგიური განვითარების საუკეთესო მაგალითს. მისი მეშვეობით უამრავი მარტივი თუ რთული დავალების შესრულებაა შესაძლებელი. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად უამრავი ახალი სამართლებრივი საკითხის დარეგულირების საჭიროება გაჩნდა, ვინაიდან მისმა მასშტაბურმა გამოყენებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უკვე მოწესრიგებული იყო. ერთ-ერთი ასეთ საკითხს წარმოადგენს საავტორო უფლებების საკითხი. ყოველდღიურად ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით უამრავი სურათი, მუსიკა თუ ხელოვნების ნიმუში იქმნება, ასეთ დროს ჩნდება კითხვა იმის შესახებ თუ რამდენად უნდა გავრცელდეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლებები, ხოლო მასზე აღნიშნული უფლებათა გავრცელების შემთხვევაში კი ვის უნდა მიეკუთვნებოდეს იგი, ხელოვნურ ინტელექტს, პროგრამის შემქმნელს, თუ იმ პირს რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცდილობს ნაწარმოების შექმნას. მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა თანამედროვე მეცნიერების მსჯელობის საგანია, რასთან დაკავშირებითაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, დაცულია შემოქმედებითი და საავტორო უფლებები. თუმცა, რამდენად არის შესაძლებელი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლებათა გავრცელება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოცემული სტატიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, ისევე როგორც იმ ნაწარმოებების დაცვის საკითხის განხილვა, რომელთა გამოყენებითაც ხდება ხელოვნური ინტელექტის მიერ ახალი ნაწარმოებების შექმნა. ხელოვნურმა ინტელექტმა, რომ შეძლოს გამართულად ფუნქციონირება მას სჭირდება უამრავი მონაცემი, რაშიც იგულისხმება ათასობით და მილიონობით შექმნილი ნაწარმოები, რომლებიც, თავის მხრივ, უკვე დაცულია საავტორო უფლებებით. ხელოვნური ინტელექტი ხშირად ყოველგვარი ნებართვის გარეშე იყენებს მათ, რითაც არღვევს საავტორო უფლებებს, ეს კი უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.
მოცემული სტატია დაეთმობა ორი უმთავრესი საკითხის განხილვას. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლებათა გავრცელების საკითხს, და უკვე არსებული ნაწარმოებების დაცვის საჭიროებას, რომლის გამოყენებაც ხდება ხელოვნური ინტელექტის მიერ ახალი ნაწარმოების შესაქმნელად. აღნიშნული საკითხები განხილული იქნება საერთაშორისო საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის ფონზე, მოყვანილი იქნება არაერთი მეცნიერის მოსაზრება, გამოკვეთილი იქნება მათთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და შემოთავაზებული იქნება მათი გადაჭრის გზები.
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, საავტორო უფლებები, მონაცემთა ბაზები, საერთაშორისო პრაქტიკა.