სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები

წინასაარჩევნო მედია სივრცის კვლევა: ტენდენციები, გამოწვევები და შედეგები საქართველოში

სოფო ხერხეულიძე

სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები, N 10 (2025) · ISSN 2667-9906 · E-ISSN 2960-9542

DOI: 10.51895/VSS/10/Kherkheulidze

სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English

სოფო ხერხეულიძე     kherkheulidzesopho@gmail.com

 

აბსტრაქტი

წინამდებარე სტატია,   წარმოადგენს სადოქტორო ნაშრომში ჩატარებული კვლევის შედეგებს, სიღრმისეულად იკვლევს საქართველოს წინასაარჩევნო მედია გარემოს, აანალიზებს მის ძირითად ტენდენციებს, გამოწვევებსა და საფრთხეებს.

მედიის გავლენა წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით დიდია, ვინაიდან ის აყალიბებს ამომრჩეველთა განწყობებს, ავრცელებს ინფორმაციას კანდიდატებისა და პარტიების შესახებ და ქმნის საზოგადოებრივ დისკურსს. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს წინასაარჩევნო მედია გარემო ხშირად პოლიტიკური გავლენების, მწვავე პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის რისკების ქვეშ დგება. ეს ფაქტორები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მედიის მიუკერძოებლობისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტების შენარჩუნებისთვის. პოლარიზებული მედია გარემო ხელს უშლის ამომრჩეველს ობიექტური ინფორმაციის მიღებაში და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. კვლევა აჩვენებს, რომ მედია საშუალებების ნდობის ხარისხი განსხვავდება პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით, რაც კიდევ უფრო ამწვავებს საზოგადოებრივ პოლარიზაციას.

მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში გადამწყვეტია, რადგან ის უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, ხელს უწყობს საჯარო დისკუსიას და აკონტროლებს ხელისუფლების საქმიანობას. კვლევა ეყრდნობა შერეულ მეთოდოლოგიას, რომელიც აერთიანებს თვისებრივ კვლევას, ინტერვიუები მედია ექსპერტებთან, რაოდენობრივ კვლევის კომპონენტს 350 ამომრჩეველთან და მეორადი მონაცემების (საერთაშორისო და ადგილობრივი მედია-მონიტორინგის ანგარიშები, სამეცნიერო ლიტერატურა) ანალიზს. ასეთი კომპლექსური მიდგომა შესაძლებელს ხდის როგორც პროფესიული ხედვების, ისე საზოგადოებრივი აღქმებისა და გამოცდილებების ერთიან სურათის წარმოდგენას. კვლევა ადარებს საქართველოს მედია გარემოს ევროპულ სტანდარტებსა და პრაქტიკებს რაც მნიშვნელოვნად ზრდის საკითხისადმი აქტუალურობას.

სტატიის მიზანია, ერთი მხრივ, გამოავლინოს ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის ფუნქციონირებაზე, როგორიცაა მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, სარედაქციო დამოუკიდებლობა, დაფინანსების წყაროები და პოლიტიკური ჩარევები. სტატიაში  გააანალიზებულია, თუ როგორ ქმნის ეს ფაქტორები პოლარიზებულ და ხშირად მიკერძოებულ მედია გარემოს. მეორე მხრივ, შეფასებულია ის გამოწვევები, რომლებიც  გავლენას ახდენს  დემოკრატიულ პროცესებსა და საზოგადოების ნდობაზე, განსაკუთრებით ხაზს უსვამს დეზინფორმაციის გავრცელების რისკებს, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და მის საბოლოო გავლენას ამომრჩეველთა განწყობებსა და არჩევნების შედეგებზე. ამ ფონზე, სტატია ხაზს უსვამს მედიის დამოუკიდებლობისა და პროფესიული სტანდარტების გაძლიერების აუცილებლობაზე, როგორც სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანეს წინაპირობაზე.

საკვანძო სიტყვები: მედია გარემო, წინასაარჩევნო კომუნიკაცია, პოლარიზაცია, დეზინფორმაცია, ევროპული პრაქტიკა.