მოხალისეების მოტივაციის და ჩართულობის ხელშეწყობა AMO მოდელისა და სამუშაოს მახასიათებლების გამოყენებით
სრული სტატია (PDF) გამოცემის გვერდი English
მარიამ ირემაძე [email protected]
აბსტრაქტი
არაკომერციული ორგანიზაციების მიზნების მიღწევისთვის და აქტივობების სრულფასოვანი განხორციელებისთვის მოხალისეობრივი საქმიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური და ეკონომიკური რესურსია. მოხალისეები წარმოადგენენ არა მხოლოდ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელოვან ძალას, არამედ მათ დიდი როლი აქვთ ორგანიზაციული მიზნების მიღწევასა და საზოგადოებაში სასიკეთო ცვლილებების გამოწვევაში. შესაბამისად, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა მოტივები უბიძგებს ადამიანებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩასართავად და თუ როგორ შეიძლება მათი მოტივაციის გაზრდა და ჩართულობის მხარდაჭერა.
მოხალისეთა ქცევის შესწავლა კომპლექსური საკითხია, ვინაიდან მასზე ზემოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციული ფაქტორები. ეს შეიძლება იყოს მოტივაციური სტიმულები, სოციალური ურთიერთობები, სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობები. ამ კონტექსტის სწორედ გასააზრებლად გვეხმარება AMO მოდელი (Ability–Motivation–Opportunity), რომელიც ადამიანს აღიქვამს ორგანიზაციულ საქმიანობაში უნარების, მოტივაციისა და შესაძლებლობების მქონე აქტიურ ინდივიდს, ხოლო ჰეკმანისა და ოლდჰემის სამუშაოს მახასიათებლების მოდელი ასახავს შიდა მოტივაციის გაძლიერების მექანიზმებს, სამუშაოს სტრუქტურისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობების მეშვეობით.
მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს სხვადასხვა თეორიული ჩარჩოს გამოყენებით მოხალისეთა მოტივაციისა და ჩართულობის განმაპირობებელი ფაქტორების გაანალიზებას, რათა გამოიკვეთოს ისეთი მიდგომები, რომლებიც დაეხმარება არაკომერციულ ორგანიზაციებს შექმნან მოტივაციური და მხარდამჭერი გარემო თვითრეალიზაციის შესაძლებლობებით.
ნაშრომი წარმოადგენს სამეცნიერო ლიტერატურის თეორიულ მიმოხილვას და ეყრდნობა AMO მოდელსა და ჰეკმანისა და ოლდჰემის სამუშაოს მახასიათებლების მოდელს, რომლებიც ინტეგრირებულად გამოიყენება მოხალისეთა მოტივაციისა და ჩართულობის ასახსნელად. ამ ორი თეორიული ჩარჩოს კომბინაცია საშუალებას იძლევა მოხალისეობრივი ქცევა განიმარტოს როგორც ინდივიდუალური მოტივების, ისე სამუშაოს სტრუქტურისა და შესაძლებლობების პერსპექტივიდან. მიმოხილული ლიტერატურა აჩვენებს, რომ ტრენინგი, მხარდაჭერა, უკუკავშირი, ავტონომია და სამუშაოს მნიშვნელობა არსებითად გავლენას ახდენს მოხალისეთა მოტივაციისა და ეფექტიანობის გაზრდაზე, ხოლო მათი რეგულარული შეფასება არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხმარება მოხალისეთა ხანგრძლივ ჩართულობაში.
საკვანძო სიტყვები: მოხალისეობა, მოტივაცია, AMO მოდელი, ტრენინგი, სამუშაოს მახასიათებლები, ჩართულობა, არაკომერციული ორგანიზაცია.