თანამედროვე, სულ უფრო გამძაფრებულ საერთაშორისო კონკურენციითა და მზარდი საფრთხეებით აღსავსე მსოფლიოში, ახალი ძალით აქტიურდება თანამშრომლობითი ხასიათის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა სახელმწიფოებს შორის. მსოფლიო ისტორია სავსეა როგორც მილიტარისტული, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მაგალითებით, რომლებიც იქმნებოდა და იცვლებოდა კონკრეტული ისტორიული ვითარების შესაბამისად.
არანაკლებ მნიშვნელოვანი გაერთიანებები, რომელთა ფორმირებას ეკონომიკური საფუძველი გააჩნია. ამ შემთხვევაში, კოოპერაციის ძირითადი მოტივია სინერგიული ეფექტის მიღება და გლობალური მასშტაბით პოზიციების გამყარება, კონკურენციულ ბრძოლაში უპირატესობის მოპოვება, არსებული რესურსებისა და პირობების უფრო სრულად და ეფექტიანად გამოყენება და ა.შ.
კოოპერაციის ახლებურ გააზრებას წარმოადგენს ევროკავშირის მიერ პოლიტიკური ინიციატივის – აღმოსავლეთ პარტნიორობის ამოქმედება, რაც საშუალებას აძლევს ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებს, დაიწყონ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა როგორც წევრ სახელმწიფოებთან, ისე ერთმანეთთან, რაც მათი მომავალი წარმატების ახალ ფორმულად შეიძლება ჩაითვალოს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა არის ევროკავშირის მხრიდან ძალიან დიდი კონტრიბუცია აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისათვის და, იმავდროულად, იგი არის ევროპის უსაფრთხოებისა და გლობალური მიზნების მიღწევის მხარდაჭერის ძალიან კარგი შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ორივე მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯები განაპირობებს მრავალმხრივი დადებითი შედეგების მიღწევას, ყველა მონაწილე მხარისათვის.
აღნიშნული თვალთახედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ისეთი განვითარების ხელშეწყობა, როდესაც ისინი გახდებიან საერთაშორისო წესრიგისა და რეგულაციების მხარდამჭერები. სწორედ ეს მიგვაჩნია ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომლითაც უნდა განვითარდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (მ.შ. სამხრეთ კავკასიის) ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. შესაბამისად, ეს არის ორმხრივი ინტერესი და ურთიერთსაჭიროება, რაც კარგად უნდა იქნას აღქმული ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ.
საკვანძო სიტყვები: აღმოსავლეთ პარტნიორობა, რეგიონული საერთოები, რეგიონული კოოპერაცია.
ევროპული ინტეგრაცია სუვერენულ სახელმწიფოთა თავისუფალი კონსენსუსის შედეგად განვითარებული პროგრესული თანამშრომლობის ზენაციონალური ფორმაა. ევროპული ინტერპრეტაციით სამართლის ევროპეიზაცია ევროინტეგრაციის სივრცეში ეროვნული და სუპერნაციონალური სამართლებრივი სისტემების ერთმანეთთან დაახლოების დემონსტრაციული პროცესია, რომელიც არის არა მხოლოდ ნებელობითი პოლიტიკური აქტი, არამედ უფრო სავალდებულო და სამართლებრივი ხასიათის დეფინიციაა.
2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება (AA), გამოხატავს აბსოლიტურ პატივისცემას საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მთლიანობის მიმართ. ევროპული ასოცირება ქართველი ხალხის მხრიდან გაცხადებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ პოლიტიკის აღსრულების ინსტრუმენტი ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოებაა (აპროქსიმაცია).
ასოცირების შეთანხმების ფარგლებში კომპლექსური ტრანსფორმაციის შესაძლებლობა უდიდესი სიკეთეა დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული სამართლებრივი რეფორმების სრულად და წარმატებით განხორციელება ევროპული კავშირის ნორმატიული წინაპირობაა და ქვეყნის ევროპეიზაციის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ რეგულაციებთან. სამართლებრივი დაახლოების (legal approximation) ერთ-ერთი სფეროა სახელმწიფო შესყიდვები რომელიც ექცევა ევროკავშირის ექსკლუზიური იურისდიქციის ფარგლებში. სახელმწიფო შესყიდვების ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკური ნება მოითხოვს ევროპული სამართლებრივი გამოცდილების ნაციონალურ სამართალში გაწერას (transposition).
ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველოს საჯარო შესყიდვების სამართალი მისადაგებული უნდა იყოს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების სამართალთან (gradual approximation). შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისა და სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო ევროპული საჯარო შესყიდვების სამართლთან ადაპტირებული ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით, ძალადაკარგულად ცხადდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი რეგულაცია და ეროვნულ სამართალში ევროპული საჯარო სამართლის რეცეფცია ხდება.
საკვანძო სიტყვები: ასოცირების შეთანხმება, საჯარო შესყიდვები, დავების საბჭო, კონტრაჰენტის სანქცირება.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ევროკავშირის სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი გაერთიანება არის ის საოცნებო მიზიდულობის ცენტრი, რომელიც აკისრებს ჩვენს ქვეყანას მისიას გახდეს ქრისტიანული, ევროპული ცივილიზაციის კარიბჭე კავკასიაში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და მდიდარი განახლებადი, არატრადიციული ენერგეტიკული რესურსების ფლობა გვაძლევს უნიკალურ შანსს გავხდეთ ჰაბი, „შუა დერეფანი“ და „მწვანე ენერგიების“ გამტარი. ქართველები მზად ვართ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის ამბიციური ენერგეტიკული მიზნებისა და ევროპის „მწვანე შეთანხმებასთან“ შემდგომი თანხვედრისთვის.
ევროკავშირისკენ ჩვენს სწრაფვას წინ უძღოდა ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ენერგეტიკული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ენერგოპოლიტიკის, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დახვეწის მიმართულებებით. ასე შეიქმნა 21-ე საუკუნის მეგა-პროექტად წოდებული – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. პროექტში ჩადებული ინიციატივა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ინფრაქსტუქტურის განვითარება; ეს არის ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციისა და ურთიერთდაკავშირებულობის სიმბოლო. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არა მხოლოდ გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მრავალფეროვნებას, არამედ იქნება განახლებადი ენერგიის გაცვლის არხი აზიასა და ევროპას შორის.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის იდეა საქართველოში იშვა და აქვე ქართველი გეოლოგების მიერ ჩატარებულ იქნა ტექნიკური სამუშაოები შავი ზღვის ფსკერის გამოსაკვლევად. შემდეგ ეტაპზე მოხდა ამ პროექტში აზერბაიჯანის რუმინეთისა და უნგრეთის ჩართვა. გაფორმდა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელსაც ხელი ოთხივე ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა.
ჩვენი კვლევის მიზანია ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას წინასწარ დავადგინოთ თუ რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს საქართველო, შევძლებთ კი ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის განახლებადი რესურსების ენერგია, თუ დავრჩებით მხოლოდ სატრანზიტო დერეფნად, რომელიც ასევე ძალიან მიმზიდველია, თუმცა ნაკლებად შემოსავლიანი.
სტატიაზე მუშაობისას შევაფასეთ საქართველოს განახლებადი, არატრადიციული ენერგიის წყაროთა პოტენციალი, მათი სამიზნე მაჩვენებლები და მახასიათებლები. მოკვლეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ დასკვნები და რეკომენდაციები.
საკვანძო სიტყვები: განახლებადი, არატრადიციული ენერგეტიკული რესურსები, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ენერგეტიკული უსაფრთხოება, „მწვანე ენერგია“, ევროპული ინტეგრაცია.
ნაშრომი აღწერს საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
მიზნით სამართლებრივი ჰარმონიზების გზას და ეყრდნობა იმ ისტორიულ
გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველომ შრომის კანონმდებლობის რეფორმის
ფარგლებში მიიღო. პროცესებზე სრული სურათის წარმოსადგენად აღწერილია
რადიკალური რეფორმის ტალღები, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო და
გაანალიზებულია აღნიშნულის შედეგად გამოწვეული შედეგები. ნაშრომი მიზნად ისახავს მოახდინოს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების ანალიზი და შეაფასოს ის შედეგები და გამოწვევები რომლის წინაშეც ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველო დგას. ნაშრომი, ასევე, წარმოდგენილია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობა, როგორც ერთგვარი გასაღები გატარებული ღონისძიებების ეფექტურად აღსრულების გზაზე.
საკვანძო სიტყვები: შრომის უსაფრთხოება, შრომის კანონმდებლობა, შრომის ნორმები,
შრომის სამართალი, ევროინტეგრაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ღირსეული შრომის
კულტურა, შრომის უსაფრთხოების კულტურა.