I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

პოსტპანდემიური მიგრაციული პროცესები და მისი გამოწვევები ქვეყნისათვის

გლობალური მიგრაცია მრავალფეროვანი სახით წარმოგვიდგება: ეკონომიკური ხასიათის მიგრანტებს უწევთ სამშობლოს ნებაყოფლობით დატოვება სამუშაოს საძიებლად, ლტოლვილებს კონფლიქტი და ძალადობა უბიძგებთ ქვეყანის გარეთ გასვლას. ტექნოლოგიური, გეოპოლიტიკური, კლიმატური ცვლილებები მიგრაციული პროცესების წყარო გახდა დღეისათვის.

 

გლობალიზაციისა და მის ფონზე მობილობის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ადამიანებს მეტი საშუალება ეძლევათ, ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

მიგრაციულმა პროცესებმა არც საქართველოს აუარეს გვერდი. საქართველოს შემთხვევაშიც ლეგალურ მიგრაციას აღნიშნული სამი ძირითადი მიზეზი განაპირობებს, თუმცა აქცენტი მაინც შრომით მიგრაციაზე კეთდება.

 

მიგრაცია შეიძლება იყოს ეკონომიკური სიკეთე, მაგრამ ასევე შეიძლება გადაიქცეს კრიტიკულ საკითხად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცხოვრებისათვის. განათლების მიზნით ქვეყნიდან გასული ახალგაზრდების უკანდაუბრუნებლობა, „ტვინების გადინება“ და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისათვის, რაც მიგრაციული პროცესების ეფექტური მართვის აუცილებლობას განაპირობებს.

 

საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო მიგრაცია, ცირკულარული მიგრაცია, გლობალიზაცია, „ტვინების გადინება“.

ცირკულარული შრომითი მიგრაცია და საქართველო: გამოცდილება და გამოწვევები

მოცემულ სტატიაში განხილულ იქნება ის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომელთა მიმართ გამოცდილებაც არის დაგროვილი და განხორციელებული საქართველოში ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით. შევეცდებით გავიაზროთ და შევაფასოთ საქართველოს მიერ განვლილი მიგრაციული პროცესის ისტორია და მისი შედეგები, რაც მივიღეთ საბჭოთა კავშირის დაშლის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. განვიხილავთ თუ რა გავლენას ახდენს მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული მძიმე მეხსიერება თანამედროვეობასა და შრომითი მიგრანტების ფსიქოტიპების ჩამოყალიბებაზე; ვისაუბრებთ განსხვავებებზე – წარმოდგენებს, მოლოდინებს, სამუშაო გარემოსა და პირობებს შორის; თუ რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგები არის მოსალოდნელი და დამახასიათებელი მსგავსი, ქვეყნის გარეთ დასაქმების სისტემებიდან; რა ცვლილებები და შესაძლებლობები გააჩინა ვიზალიბერალიზაციამ ქართული შრომითი ბაზრისთვის; როგორი პრევენციული ზომები არსებობს ცირკულარული შრომითი სქემების სწორად ფუნქციონირებისთვის; როგორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ მიღებული შრომითი მიგრაციის გამოცდილების მაგალითები. რა რისკები და გამოწვევებია მოსალოდნელი მომავალში შრომითი მიგრაციის კუთხით საქართველოში და რა იურიდიული ნიუანსებია დასახვეწი კიდევ უფრო მოქნილი და გაზომვადი რეგულირებისათვის. ამ ყველაფერზე დაყრდნობით შევეცდებით გავაკეთოთ გარკვეული პროგნოზები და დავსახოთ სწორი ხედვები შრომითი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების მიმართულებით.

 

საკვანძო სიტყვები: ცირკულარული შრომითი მიგრაცია, დასაქმება, კომპეტენცია, კვალიფიკაცია/დე-კვალიფიკაცია, საერთაშორისო შრომითი ბაზარი, ვიზალიბერალიზაცია

მიგრაციის მიზეზები და მისი გავლენა ეკონომიკაზე

მიგრაცია არის მრავალგანზომილებიანი პროცესი, რომელიც ორაზროვნად მოქმედებს მასპინძელი საზოგადოების ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა კომპონენტებსა და ინდივიდუალურ პარამეტრებზე. უფრო მეტიც, ამ ზემოქმედების მიმართულება და ინტენსივობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. იმიგრაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი შედეგების სწორი შეფასება რთული ამოცანაა, რომელიც მოითხოვს ყოვლისმომცველ და დაბალანსებულ ანალიზს. ტრადიციულად ითვლებოდა, რომ იმიგრაცია უზრუნველყოფს მასპინძელ საზოგადოებებს დაკარგული შრომითი რესურსებით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მათ ეკონომიკურ განვითარებაში. მიგრანტები ხშირად ირჩევენ თავიანთ რეგიონში არსებულ ქვეყანაში ცხოვრებას. თუმცა, საერთაშორისო მიგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება დიდ დისტანციებზე, განსაკუთრებით განვითარებადი ბაზრიდან და განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ ეკონომიკებამდე.

 

ადამიანთა მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის შემოსავლის განსხვავება წარმოშობისა და დანიშნულების ქვეყნებს შორის. მდიდარი ქვეყნები იზიდავენ მეტ იმიგრანტს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოსახლეობას ქვეყნებიდან.

 

არსებობს ეკონომიკაზე იმიგრაციის გავლენის შეფასების სირთულე. ეს არის გავლენა საგადასახადო შემოსავლებზე და მთავრობის დანახარჯებზე. ერთი მხრივ, იმიგრანტები გადასახადებს იხდიან და ამგვარად დანახარჯების დაფარვას ხელს უწყობენ, მეორე მხრივ, ისინი მთავრობას დანახარჯს უზრდიან, რადგან მათი მანქანების გადაადგილებას გზები სჭირდება, მათ ბავშვებს-სკოლები, რომ ისწავლონ და ა. შ. რადგან ბევრი იმიგრანტი მცირე ხელფასზე მუშაობს და, შესაბამისად, მცირე გადასახადს იხდის, ისინი უფრო მეტ დამატებით დანახარჯებს წარმოშობენ, ვიდრე-იხდიან. მიუხედავად აღნიშნულისა საერთაშორისო პოლიტიკის კოორდინაცია მოითხოვს ლტოლვილთა მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, რაც მოიცავს ლტოლვილების მასპინძლობის ხარჯების თანადაფინანსებას და განვითარებად ბაზრებსა და განვითარებად ქვეყნებში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას.

 

საკვანძო სიტყვები: ომი, შრომითი მიგრაცია, ყოფილი საერთაშორისო სტუდენტები, როგორც შრომითი მიგრანტები, უმუშევრობა, სასოფლო წარმოების სპეციალიზაცია, დაცული სქემები, შემოსავლების ზრდა.

მიგრაციის გამომწვევი ფაქტორები და ადამიანთა უფლებები

აღნიშნული სტატია ეხება მიგრაციის პროცესის შესწავლისას მიგრაციისთვის წამახალისებელ და ბიძგის მიმცემი ფაქტორების და ადამიანთა უფლებების ანალიზს, ერთის მხრივ მიგრაციის გამომწვევ მიზეზად ადამიანის უფლებების არ არსებობა შეიძლება იყოს როგორც სამშობლოში საიდანაც მოქალაქეები ღებულობენ გაქცევის გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ ის მნიშვნელოვანია მიგრანტების მიმღები, მასპინძელი სახელმწიფოსთვის. მიგრაციას საკმაოდ ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი აქვს მათ შორისაა ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციო პოლიტიკური, ადამიანების უფლებების ფაქტორები, ბუნებრივი, სამედიცინო–ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, კულტურული და საგანმანათლებლო ფაქტორები. სახელმწიფოები სადაც დაბალია სოციალურ ეკონომიკური ცხოვრების დონე, არ არის დაცული ადამიანის უფლებები, მოქალაქეს არ აქვს შემოსავალი, არის დასაქმების მცირე და არაპერსპექტიული შესაძლებლობები, რის არასტაბილური პოლიტიკური გარემო, დროთა განმავლობაში კარგავს მოქალაქეების დიდ ნაწილს, შესაბამისად მიგრაცია შეიძლება იყოს როგორც შრომითი ასევე ოჯახური ფაქტორით განპირობებული.

 

სტატიაში ასევე განხილულია მიგრირების ფაქტები და წარსულში გამოწვეული პოლიტიკური ფაქტორებით და ცივსისხლიანი დაპირისპირებებით მიმართულებები, პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია ყველაზე ფართომასშტაბიანი მიგრაციები და საცხოვრებელი ლოკაციის შეცვლა. მნიშვნელოვანია ასევე მიგრაციის სტრუქტურა და ხასიათი, რომელიც ძალადობის და ომის მიზეზებით შეიძლება იყოს ფორმირებული. საერთაშორისო მიგრაციაში განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია ადამიანთა უფლებები, ქვეყნის დატოვებამდე არსებული სისტემური თუ საკანონმდებლო პრობლემები და მიგრანტების მიმღებ სახელწმიფოში მათ მიმართ არსებული დამოკიდებულები, არის თუ არა მათი უფლებები სრულფასოვნად დაცული? სტატიაში მნიშვნელოვანი კვლევის შედეგებია:

 

  • მიგრაციამ წარსულიდან მოყოლებული ისტორიული ფაქტების საფუძველზე შეიძინა ხასიათი, მაგალითად მოსახლეობის მიგრაცია ხშირია აღმოსავლეთ აფრიკიდან ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ აფრიკიდან ევროპაში, ასევე ხშირია მოსახლეობის მიგრაცია ისლამური სახელმწიფოებიდან ევროპაში მოსახლეობის განსაკუთრებით კი ქალთა უფლებების დაუცველობის გამო, ფიზიკური დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით.

 

  • მიგრაციის ხელისშემწყობ ფაქტორად ახალგაზრდებში რჩება განათლების მიღების და უბრალოდ მოგზაურობის სურვილი.

 

  • მიგრაციის გამომწვევ ფაქტორებად საერთაშორისო მიგრაციაში რჩება: სიცოცხლის უფლება, პირადი თავისუფლების უფლება, რელიგიური თავისუფლების უფლება, თავისუფლება მოძრაობასა და გადაადგილებაში, სიტყვის თავისუფლება, ფიზიკური უსაფრთხოების უფლება.

 

საკვანძო სიტყვები: მიგრაცია, გამოწვევა, ადამიანი, უფლება

სასამართლოს თვითინიციატივის ფარგლები თავშესაფრის მოპოვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში

თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მიგრაციის საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის სამართლებრივი რეგულირება დამოკიდებულია, როგორც სახელმწიფო ორგანოებზე, ისე სასამართლოზე. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთი მექანიზმია. თავშესაფრის მაძიებელ პირს, რომელიც საქართველოში შემოდის ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მოპოვების მიზნით, აქვს გარკვეული უფლება-მოვალეობები, რომლის საფუძველზეც ხდება მისთვის სტატუსის მინიჭება ან უარის თქმა. ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა (პოლიტიკური ნიშნით, რელიგიური ნიშნით და სხვა) საფუძველს. საბოლოოდ, გადამწყვეტი რგოლი, რომელიც განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, არის სასამართლო. იგი ახორციელებს საპროცესო მოქმედებებს ისე, რომ არ დაარღვიოს, როგორც სახელმწიფოს ინტერესები, ასევე თავშესაფრის მაძიებელი პირის უფლებები.

 

ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლო არ არის შეზღუდული, როგორც მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის მხრივ, ასევე თვითინიციატივით გამოიკვლიოს პირის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს თვითინიციატივა მოიცავს, არა მხოლოდ ფორმალურად დადგენილ სტანდარტს, არამედ შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, თვითინიციატივით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუმცა, გარკვეულ საკითხებში, საქმის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლოს შესაძლებლობა შეიძლება შეიზღუდოს. საბოლოოდ, სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციათა გადანაწილების გათვალისწინებით, არსებობს ზღვარი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სრულყოფილი შედეგის მიღწევა თავშესაფრის მაძიებელი პირის უფლებათა დაცვის ასპექტში.

 

საკვანძო სიტყვები: თავშესაფრის მაძიებელი, სასამართლო, ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსი, თვითინიციატივა.

იმიგრანტთა ინტეგრაციის რესპუბლიკური მოდელი საფრანგეთის რესპუბლიკაში

2010 წლიდან ევროპა უპრეცედენტო მიგრაციული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ევროკავშირის სახელმწიფოები დღემდე ცდილობენ, შეთანხმდნენ მიგრაციაზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღზევებულმა ულტრა მემარჯვენე პოლიტიკურმა ძალებმა ევროპაში მოახერხეს ამომრჩეველთა მზარდი ნაკადების მობილიზება, რომლებიც აქტიურად ცდილობენ წარმოაჩინონ ერთგვარი კავშირი მიგრაციული ნაკადების ზრდას, ტერორიზმს, ისლამური ფუნდამენტალიზმის ზრდასა და ევროკავშირის წევრობას შორის. აღნიშნულ კონტექსტში, იმიგრანტთა ინტეგრაციის დამკვიდრებული მოდელების შესწავლა მკვლევარებში მზარდ ინტერესს იწვევს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს, აღნიშნული მოდელების ეფექტურობა ზემოთ აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად.

 

1980-იანი წლებიდან მიღებული აქტიურად მიმდინარეობს ინტეგრაციის იდეის ასოცირება ერთგვარ „მოდელთან“, რომლის მიხედვით თითოეულ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონოდა შემუშავებული კონკრეტული მოდელი იმიგრანტებთან ურთიერთობისას. აღნიშნული ცნება არ არის საფუძველს მოკლებული, თუმცა იწვევს ქვეყნების მრავალფეროვნების მართვის გამარტივებულ და ნაწილობრივ არასწორ წარმოდგენას.

 

აღნიშნული სტატია შეეხება საფრანგეთში მიგრანტთა ინტეგრაციის პრობლემას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთის რესპუბლიკა კვლავ რჩება იმიგრანტებისთვის საცხოვრებლად ერთ-ერთ სასურველ ქვეყნად ევროკავშირის სივრცეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემდეგ. საფრანგეთის დიდი რევოლუციის შედეგად შექმნილი და ერთგვარ იდეოლოგიურ ელემენტებზე დაფუძნებული მოქალაქეობის გაგება, დღეს საფრანგეთში ემყარება სამოქალაქო ინდივიდუალიზმისა და ეროვნული თანამედროვეობის ჩარჩოს. სამოქალაქო ინდივიდუალიზმი განიხილავს აბსტრაქტულ ინდივიდს, როგორც უფლებების ერთადერთ ფოკუსს და უარს ამბობს ეთნო-რასობრივი განსხვავების აღიარების ნებისმიერ გამოვლინებაზე საჯარო სფეროში.

 

წლების განმავლობაში მზარდი მიგრაცია და ბინადრობასა და მოქალაქეობაზე გაზრდილი მოთხოვნა თავისთავად წარმოშობს მათი ფრანგულ სახელმწიფოში უსაფრთხო და 74 წარმატებული ინტეგრაციის აუცილებლობას, რომლის ეფექტური პოლიტიკის შემუშავება დღემდე ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ფრანგული სახელმწიფოსათვის. სრულიად ბუნებრივია ჩნდება გარკვეული შეკითხვები იმიგრანტთა ინტეგრაციის ეფექტურობასთან დაკავშირებით, კერძოდ საინტერესოა იმის დადგენა, ჩავარდა თუ არა და რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს იმიგრანტთა ინტეგრაციის რესპუბლიკური ფრანგული მოდელი, როგორია აღნიშნული პოლიტიკის მიმართ საზოგადოების შეფასება და რაც მთავარია, რამდენად ეფექტურად ასრულებს მთავარ დანიშნულებას და უწყობს ხელს იმიგრანტთა წარმატებულ ინტეგრაციას ფრანგულ სახელმწიფოში.

 

საკვანძო სიტყვები: რესპუბლიკური ინტეგრაციის ფრანგული მოდელი, იმიგრანტები, ინტეგრაცია და ასიმილაცია, რესპუბლიკური ღირებულებები.