თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მიგრაციის საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის სამართლებრივი რეგულირება დამოკიდებულია, როგორც სახელმწიფო ორგანოებზე, ისე სასამართლოზე. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთი მექანიზმია. თავშესაფრის მაძიებელ პირს, რომელიც საქართველოში შემოდის ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მოპოვების მიზნით, აქვს გარკვეული უფლება-მოვალეობები, რომლის საფუძველზეც ხდება მისთვის სტატუსის მინიჭება ან უარის თქმა. ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა (პოლიტიკური ნიშნით, რელიგიური ნიშნით და სხვა) საფუძველს. საბოლოოდ, გადამწყვეტი რგოლი, რომელიც განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, არის სასამართლო. იგი ახორციელებს საპროცესო მოქმედებებს ისე, რომ არ დაარღვიოს, როგორც სახელმწიფოს ინტერესები, ასევე თავშესაფრის მაძიებელი პირის უფლებები.
ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლო არ არის შეზღუდული, როგორც მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის მხრივ, ასევე თვითინიციატივით გამოიკვლიოს პირის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს თვითინიციატივა მოიცავს, არა მხოლოდ ფორმალურად დადგენილ სტანდარტს, არამედ შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, თვითინიციატივით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუმცა, გარკვეულ საკითხებში, საქმის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლოს შესაძლებლობა შეიძლება შეიზღუდოს. საბოლოოდ, სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციათა გადანაწილების გათვალისწინებით, არსებობს ზღვარი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სრულყოფილი შედეგის მიღწევა თავშესაფრის მაძიებელი პირის უფლებათა დაცვის ასპექტში.
საკვანძო სიტყვები: თავშესაფრის მაძიებელი, სასამართლო, ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსი, თვითინიციატივა.