ევროპული ინტეგრაცია სუვერენულ სახელმწიფოთა თავისუფალი კონსენსუსის შედეგად განვითარებული პროგრესული თანამშრომლობის ზენაციონალური ფორმაა. ევროპული ინტერპრეტაციით სამართლის ევროპეიზაცია ევროინტეგრაციის სივრცეში ეროვნული და სუპერნაციონალური სამართლებრივი სისტემების ერთმანეთთან დაახლოების დემონსტრაციული პროცესია, რომელიც არის არა მხოლოდ ნებელობითი პოლიტიკური აქტი, არამედ უფრო სავალდებულო და სამართლებრივი ხასიათის დეფინიციაა.
2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება (AA), გამოხატავს აბსოლიტურ პატივისცემას საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მთლიანობის მიმართ. ევროპული ასოცირება ქართველი ხალხის მხრიდან გაცხადებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ პოლიტიკის აღსრულების ინსტრუმენტი ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოებაა (აპროქსიმაცია).
ასოცირების შეთანხმების ფარგლებში კომპლექსური ტრანსფორმაციის შესაძლებლობა უდიდესი სიკეთეა დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული სამართლებრივი რეფორმების სრულად და წარმატებით განხორციელება ევროპული კავშირის ნორმატიული წინაპირობაა და ქვეყნის ევროპეიზაციის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ რეგულაციებთან. სამართლებრივი დაახლოების (legal approximation) ერთ-ერთი სფეროა სახელმწიფო შესყიდვები რომელიც ექცევა ევროკავშირის ექსკლუზიური იურისდიქციის ფარგლებში. სახელმწიფო შესყიდვების ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკური ნება მოითხოვს ევროპული სამართლებრივი გამოცდილების ნაციონალურ სამართალში გაწერას (transposition).
ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველოს საჯარო შესყიდვების სამართალი მისადაგებული უნდა იყოს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების სამართალთან (gradual approximation). შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისა და სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო ევროპული საჯარო შესყიდვების სამართლთან ადაპტირებული ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით, ძალადაკარგულად ცხადდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი რეგულაცია და ეროვნულ სამართალში ევროპული საჯარო სამართლის რეცეფცია ხდება.
საკვანძო სიტყვები: ასოცირების შეთანხმება, საჯარო შესყიდვები, დავების საბჭო, კონტრაჰენტის სანქცირება.