I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

ზოგიერთი სამოქალაქო საპროცესო მოქმედების გავლენა სახელშეკრულებო მოთხოვნათა სასარჩელო ხანდაზმულობაზე

ხანდაზმულობის ცნება მატერიალური გაგებით მჭიდროდაა დაკავშირებული საპროცესო სამართალთან. პირის დარღვეული უფლების აღდგენა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით ხორციელდება. სწორედ ამიტომ გადამწყვეტია მნიშვნელობისაა ცალკეული სამოქალაქო საპროცესო მოქმედების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე გავლენის საკითხის ანალიზი. სტატია ეძღვნება ცალკეული საპროცესო მოქმედების, მათ შორის, მხარის სათანადობის, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების სასარჩელო ხანდაზმულობაზე გავლენის საკითხის კვლევას. ზოგადად, გასათვალისწინებელია, რომ დასახელებული საპროცესო მოქმედებები მხარისათვის მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობისაა ამ საპროცესო მოქმედებების განხილვა სასარჩელო ხანდაზმულობის ჭრილში, კერძოდ, იმის შეფასება, იწვევს თუ არა სამართალწარმოების პროცესში არასათანადო მოსარჩელის ან მოპასუხის ჩართვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ სათანადო მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენა წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ვარგის საშუალებას, თუმცა მხარის არასათანადოდ მიჩნევა არსებითად ცვლის სამართლებრივ მოცემულობას. გარდა ამისა, კანონმდებლობით არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, ბუნდოვანია, სარჩელის მიღებაზე უარის თქმა წარმოადგენს თუ არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ვარგის საშუალებას.

 

განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე, დასახელებული საკითხთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო მოწესრიგება. ამასთან, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში არ არის აშკარა, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადების გავლენა სასარჩელო ხანდაზმულობაზე. სტატია ასევე ეთმობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ხანდაზმულობის შესაგებლის გამოყენების თავისებურებების ანალიზს. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს არაერთგვაროვანი მიდგომა, რამაც, სასარჩელო ხანდაზმულობის არსის გათვალისწინებით, შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი ინტერესის შელახვა. პრობლემების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვანი განმარტების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილია ხსენებული საკითხების სიღრმისეული კვლევა და შემოთავაზებულია რეკომენდაციები.

 

საკვანძო სიტყვები: ხანდაზმულობა, საქმისწარმოება, უზრუნველყოფა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გავლენა, შეწყვეტა, შესაგებელი.