ენერგეტიკა თანამედროვეობის არამარტო ეკონომიკური, ეკოლოგიური, კლიმა-ტური, არამედ პოლიტიკური გამოწვევებისა და რისკების საკვანძო დარგია. გლობალური კლიმატის ცვლილებების პირობებში ენერგეტიკის სექტორს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. მზის, ქარის, ჰიდრორესურსების, გეოთერმული ენერგიისა და ბიომასის გამოყენების ზრდა, სათბურის აირების ემისიის შემცირებისა და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ეკონომიკის სუფთა წყაროებზე გადართვის საშუალებას იძლევა. ევროკავშირის მიზნები – ჩაანაცვლოს ტრადიციული ენერგია განახლებადით – ყოველ ჯერზე უფრო ამბიციური ხდება.
გლობალური მწვანე შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკური ხედვის საფუძველი უნდა იყოს, დამატებით სტიმულს იძლევა ამისთვის. ნაშრომში ჩატარებული გვაქვს საქართველოს ენერგეტიკის ენერგო ეკონომიკური ანალიზი; განხილული გვაქვს ენერგეტიკული სექტორის სამიზნე მაჩვენებლები და მახასიათებლები; აქვე ვაყალიბებთ ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტიანობის დონის ამაღლების უმნიშვნელოვანეს ამოცანებს; ვსახავთ გზებსა და მიმართულებებს ამ პრობლემების გადასაჭრელად.
საქართველო უნდა ეცადოს ჩაერთოს საერთო რადიკალური, რევოლუციური ცვლილებების ფერხულში, რასაც „მე-4 ენერგეტიკული გადასვლა“ ჰქვია. ამ გადასვლით წიაღისეული საწვავის გამოყენება უახლოეს 10 წელიწადში მინიმუმამდე იქნება შემცირებული, ხოლო 2050 წელს მთელ მსოფლიოში „ნახშირბადნეიტრალურ“ ენერგიებზე სწორებაა გამოცხადებული. მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებას სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდება, რომლის უიაფესი წყარო ისევ ჰიდრო ენერგეტიკაა. ნაშრომში დასაბუთებული და გაანალიზებული გვაქვს ჰიდრორესურსების ათვისების აუცილებლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და ვიძლევით კვლევებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს.
ჩვენი აზრით, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ეტაპობრივი დაახლოება, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული, გამჭვირვალე და ეფექტიანი ენერგეტიკული ბაზრის მოდელის ჩამოყალიბებას, მიმზიდველი და სტაბილური საინვერსტიციო გარემოს შექმნას, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული რესურსებით ვაჭრობის განვითარებას, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზით განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისებას და ენერგოეფექტიანობაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელებას.
ევროპის მწვანე შეთანხმება არის გრძელვადიანი გზა დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლისთვის, პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. იგი ევროპას მოიაზრებს, როგორც პირველ ნახშირბადნეიტრალურ კონტინენტს 2050 წლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირი გეგმავს 2030 წლისთვის ემისიების 50%-ით შემცირებას 1990 წელთან შედარებით. ბუნებრივია, ამის მიღწევა მხოლოდ შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტებისა და გადაწყვეტილებების მიღებითა და განხორციელებით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ჩვენი ნაშრომი განიხილავს მწვანე შეთანხმების ძირითად არსს, მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მის გავლენას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე, განსაკუთრებით საქართველოზე.
საკვანძო სიტყვები: ენერგეტიკული კანონმდებობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ემისიების შემცირება, განახლებადი ენერგიის წყაროები.