2010 წლიდან ევროპა უპრეცედენტო მიგრაციული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ევროკავშირის სახელმწიფოები დღემდე ცდილობენ, შეთანხმდნენ მიგრაციაზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღზევებულმა ულტრა მემარჯვენე პოლიტიკურმა ძალებმა ევროპაში მოახერხეს ამომრჩეველთა მზარდი ნაკადების მობილიზება, რომლებიც აქტიურად ცდილობენ წარმოაჩინონ ერთგვარი კავშირი მიგრაციული ნაკადების ზრდას, ტერორიზმს, ისლამური ფუნდამენტალიზმის ზრდასა და ევროკავშირის წევრობას შორის. აღნიშნულ კონტექსტში, იმიგრანტთა ინტეგრაციის დამკვიდრებული მოდელების შესწავლა მკვლევარებში მზარდ ინტერესს იწვევს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს, აღნიშნული მოდელების ეფექტურობა ზემოთ აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად.
1980-იანი წლებიდან მიღებული აქტიურად მიმდინარეობს ინტეგრაციის იდეის ასოცირება ერთგვარ „მოდელთან“, რომლის მიხედვით თითოეულ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონოდა შემუშავებული კონკრეტული მოდელი იმიგრანტებთან ურთიერთობისას. აღნიშნული ცნება არ არის საფუძველს მოკლებული, თუმცა იწვევს ქვეყნების მრავალფეროვნების მართვის გამარტივებულ და ნაწილობრივ არასწორ წარმოდგენას.
აღნიშნული სტატია შეეხება საფრანგეთში მიგრანტთა ინტეგრაციის პრობლემას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთის რესპუბლიკა კვლავ რჩება იმიგრანტებისთვის საცხოვრებლად ერთ-ერთ სასურველ ქვეყნად ევროკავშირის სივრცეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემდეგ. საფრანგეთის დიდი რევოლუციის შედეგად შექმნილი და ერთგვარ იდეოლოგიურ ელემენტებზე დაფუძნებული მოქალაქეობის გაგება, დღეს საფრანგეთში ემყარება სამოქალაქო ინდივიდუალიზმისა და ეროვნული თანამედროვეობის ჩარჩოს. სამოქალაქო ინდივიდუალიზმი განიხილავს აბსტრაქტულ ინდივიდს, როგორც უფლებების ერთადერთ ფოკუსს და უარს ამბობს ეთნო-რასობრივი განსხვავების აღიარების ნებისმიერ გამოვლინებაზე საჯარო სფეროში.
წლების განმავლობაში მზარდი მიგრაცია და ბინადრობასა და მოქალაქეობაზე გაზრდილი მოთხოვნა თავისთავად წარმოშობს მათი ფრანგულ სახელმწიფოში უსაფრთხო და 74 წარმატებული ინტეგრაციის აუცილებლობას, რომლის ეფექტური პოლიტიკის შემუშავება დღემდე ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ფრანგული სახელმწიფოსათვის. სრულიად ბუნებრივია ჩნდება გარკვეული შეკითხვები იმიგრანტთა ინტეგრაციის ეფექტურობასთან დაკავშირებით, კერძოდ საინტერესოა იმის დადგენა, ჩავარდა თუ არა და რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს იმიგრანტთა ინტეგრაციის რესპუბლიკური ფრანგული მოდელი, როგორია აღნიშნული პოლიტიკის მიმართ საზოგადოების შეფასება და რაც მთავარია, რამდენად ეფექტურად ასრულებს მთავარ დანიშნულებას და უწყობს ხელს იმიგრანტთა წარმატებულ ინტეგრაციას ფრანგულ სახელმწიფოში.
საკვანძო სიტყვები: რესპუბლიკური ინტეგრაციის ფრანგული მოდელი, იმიგრანტები, ინტეგრაცია და ასიმილაცია, რესპუბლიკური ღირებულებები.