მსოფლიო ისტორიაში ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა ინფორმაციის ინდივიდუალურად თუ მასობრივად გავრცელების აუცილებლობა. ამიტომ, თითოეული ცივილიზაცია ცდილობდა, მოეძებნა ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის ახალი, სწრაფი და ეფექტიანი გზა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ანტიკურ სამყაროში. ანტიკურობამ გრძელი გზა გაიარა, სანამ აგორაზე ინფორმაციის გაჟღერებიდან ყოველდღიური წერილობითი საინფორმაციო საშუალების იდეამდე მივიდოდა. აგორაზე გამართული სახალხო კრებები და სასამართლო პროცესები, აგრეთვე საგანგებო თეატრალურ ფესტივალებზე განხორციელებული წარმოდგენები დამსწრეთა საკმაოდ მრავალრიცხოვან აუდიტორიას მოიცავდა.
ანტიკურ სამყაროში ინფორმაციის გადასაცემად აგრეთვე საკმაოდ ეფექტიანად იყენებდნენ სხვადასხვა სასიგნალო საშუალებას და მალემსრბოლების ინსტიტუტს, მაგრამ საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ყოველდღიური წერილობითი ინფორმაციის გავრცელების იმ პრინციპმა, რომელიც თანამედროვე მედიასაშუალებებს გვაგონებს. უნდა აღინიშნოს, რომ მას წინ უძღოდა ანალები და ფასტები.
ანალები რომში მომხდარი ამბების შესახებ წლის მნიშვნელოვან მოვლენებს ქრონიკალური სტილით გადმოგვცემდა. ინფორმაციის შენახვის ამ პრინციპს ძველი აღმოსავლეთის მემატიანეებიც მიმართავდნენ, მაგრამ ისტორიული მოვლენების ამგვარად გადმოცემას შესაბამისი სახელი – ანალები – სწორედ რომაელებმა მოარგეს.
ფასტები კი ერთგვარ კალენდარს წარმოადგენდა და აღნუსხავდა კალენდარულ და საჟურნალო ტიპის ცნობებს, ყველანაირ საინტერესო ინფორმაციას რელიგიური თუ საერო ცხოვრებიდან. როგორც აღვნიშნეთ, წერილობითი ინფორმაციის სწრაფად და მასობრივად გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე ეფექტური იყო იულიუს კეისრის მიერ შემოღებული Acta Diurna, რომელიც მან თავისი კონსულობის პირველივე წელს, ანუ, ძვ. წ. აღ-ით 59 წელს დააარსა. ის პრინციპულად განსხვავდებოდა ანალებისა და ფასტებისგან. ფასტებს უფრო კალენდარული სახე ჰქონდა, ანალები გადმოგვცემდა მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ხოლო Acta diurna-ში შედარებით უმნიშვნელო ამბებიც ხვდებოდა.
ნაშრომში წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველზეც დავასკვენით, რომ დღევანდელი გაზეთის იდეა სწორედ ანტიკურობაში ჩამოყალიბდა, განვითარდა და ყოველდღიური წერილობით ფიქსირებული ამბების სახით განხორციელდა, რასაც საფუძვლად დაედო ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სწრაფვა სიტყვის თავისუფლებისაკენ. შესაბამისად, შეიძლება