I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

რა არის „სტრატეგიული კომუნიკაციები“?

სტრატეგიული კომუნიკაციები (შემოკლებით, „სტრატკომი“), როგორც ცალკე დარგი/პროფესია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების და, შესაბამისად, შესწავლის პროცესშია, განსაკუთებით საქართველოში. უფრო მეტიც, თავად ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებსაც კი უჭირთ „სტრატკომის“ მნიშვნელობის და ფუნქციების სათანადოდ გააზრება და ზოგადად, კომუნიკაციისა და ისეთი საინფორმაციო დისციპლინისგან მისი გამორჩევა, როგორიც მაგალითად, „საზოგადოებასთან ურთიერთობაა“.

 

მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალობისა, (განსაკუთრებით კი დღევანდელ ინფორმაციულად გადატვირთულ გარემოში), აღნიშნული თემა სიღრმისეულად შესწავლილი არ არის. წინამდებარე ნაშრომი პირდაპირ და ნათლად ადასტურებს, რომ „სტრატეგიული კომუნიკაციების“ დღემდე არსებული განმარტებები და ავტორთა მსჯელობები არ ქმნიან პროფესიისთვის დამოუკიდებელი თეორიული ჩარჩოს შექმნის საფუძვლებს, რომლებიც თავის მხრივ დაასრულებდნენ ყოველგვარ პროფესიულ გაუგებრობებს და ასევე, შეცდომაში აღარ შეიყვანდნენ თემით დაინტერესებულ ინდივიდებსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

 

აღნიშნული სფეროს ექსპერტთა ნაწილი უკვე წლებია „სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის“ თეორიული ჩარჩოების შექმნას ცდილობს, რაც წესით, „სტრატკომის“ სხვა, მონათესავე დისციპლინებისგან მკვეთრ გამიჯვნას და ამ ახალი დისციპლინისთვის განსხვავებული მოქმედების დიაპაზონის, მიზნებისა თუ ამოცანების დადგენას უნდა გულისხმობდეს. მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნული მცდელობებს სასურველ შედეგამდე ვერ მივყავართ. პროფესიულ, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ სახელმწიფო უწყებებში „სტრატეგიული კომუნიკაციების“, როგორც საინფორმაციო დისციპლინის გამოყენება კონკრეტული პირების ან/და ჯგუფების „ინდივიდუალური“ ინტერპრეტირებით ხდება. ამ პრობლემის კარგი და ნათელი მაგალითია ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, იან ჰავრანეკის განცხადება, სადაც ჰავრანეკმა აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად სტრატეგიული კომუნიკაცია “საზოგადოებრივ ურთიერთბებში” ან პოლიტტექნოლოგიებშიც კი, ერევათო. როდესაც ასეთი პრობლემურია ვითარება „დასავლეთში“, კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია მის პერიფერიებზე, მაგალითად საქართველოში, სადაც „სტრატკომზე“ ცოდნისა და გამოცდილების იმპორტი სწორედ „დასავლეთიდან“ დაიწყო. ნაშრომის მიზანია შემოგთავაზოთ „სტრატეგიული კომუნიკაციების“ უკვე არსებულ განმარტებათა კრიტიკული გააზრება და, მეორე, გაგიზიაროთ მსჯელობა სტრატეგიული კომუნიკაციების ჩვენეული ხედვის მართებულობის შესახებ.

 

ნაშრომში გამოყენებულია ყველა ის ძირითადი ლიტერატურა, რომელიც მეტ-ნაკლებად მოგვცემდა შესაძლებლობას გვემსჯელა არსებულ ტერმინებზე, დაგვენახა პრობლემის არსი და დაგვხმარებოდა პუბლიკაციის მიზნის მიღწევაში – „სტრატეგიული კომუნიკაციების“ განმარტების, ხედვის მართებულობის დადგენა/გააზრებაში.

 

საკვანძო სიტყვები: სტრატეგიული კომუნიკაციები, ტერმინები, საზოგადოებასთნ ურთიერთობა, დაგეგმილი კომუნიკაცია, საინფორმაციო გარემო