I I N N T T E E R R N N A A T T I I O O N N A A L L S S C C I I E E N N T T I I F F I I C C P P E E E E R R - - R R E E V V I I E E W W E E D D J J O O U U R R N N A A L L

გამოცემები

იხილეთ სხვა სტატიები

კოვიდპანდემია და სტუდენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული დაავადება (COVID-19) 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა და მისთვის დამახასიათებელი ვირულენტობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვითარება პანდემიად შეაფასა, საქართველოში კი 2020 წლის მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით ამოქმედდა „ლოქდაუნი“ და, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, მოსახლეობას სახლიდან გასვლის უფლება შეეზღუდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, აიკრძალა ყველა სახის თავყრილობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. ამ პირობებში, ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, სტუდენტები განათლების მიღების კუთხითაც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რაც ონლაინ სწავლებაზე გადასვლით იქნა განპირობებული.

 

სტუდენტების სოციალური ჯგუფი ცხოვრების აქტიური წესით, ურთიერთობების ფართო სპექტრითა და კონტაქტებით გამოირჩევა. ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით შემუშავებული სოციალური დისტანცირების პოლიტიკისა და განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, კონტაქტების შემცირებამ მარტოობის განცდასა და დეპრესიას მისცა ბიძგი. ყოველივე ეს კი, სავარაუდოდ, სტუდენტთა ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

 

დადასტურებულია, რომ სტუდენტებში სტრესის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია დაბალ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, ცუდი აკადემიური მოსწრებისა და სოციალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემების წარმოშობის საფუძველი გახდეს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნაშრომის მიზნად განისაზღვრა კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, სტუდენტებთან მარტოობის, დეპრესიისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მაჩვენებლებს შორის კავშირის დადგენა. მიზნის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა პაციენტის ჯანმრთელობის კითხვარი (PHQ-4), მარტოობისა (UCLA) და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკვლევი სკალები (PWBS). მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ დეპრესია, შფოთვა და მარტოობა უარყოფით კავშირშია ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან. განსხვავებები დემოგრაფიული
მახასიათებლების მიხედვით იქნა გაანალიზებული.

 

საკვანძო სიტყვები: ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მარტოობა, დეპრესია, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.