ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ XXI საუკუნე წარმოუდგენელია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის, მობილური ტელეფონებისა თუ „სმარტ ტექნოლოგიების“ გარეშე, რომელთა როლი და მათზე ადამიანთა მზარდი დამოკიდებულება ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტად იზრდება. ასევე, წარმოუდგენელია სამყარო დღეს ფართო განხილვის საგნად ქცეულ 5 G ტექნოლოგიებსა და მათ გავლენაზე ინდუსტრიულ წარმოებასა თუ შრომის ბაზარზე, რაც ადამიანთა საქმიანობის ეკონომიკურ სფეროსთან ერთად, მჭიდროდაა დაკავშირებული სამხედრო ინდუსტრიასთან, რომლის განვითარება მიკროჩიპებსა თუ თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებზე თავისუფალი წვდომის გარეშე – შეუძლებელია. თუმცა, ამა თუ იმ ტექნოლოგიის გამოყენებისას ნაკლებად ვფიქრობთ იმ ნიუანსებზე, რომელიც მისი შემადგენელი კომპონენტების წარმოებასთან არის დაკავშირებული. არა და თუ ამჟამად არსებულ ბაზარზე შექმნილ ვითარებას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ისინი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უდიდესი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული დატვირთვის მატარებელია, რომელიც შესაძლოა ნავთობსა და გაზსაც კი შევადაროთ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ნახევარგამტარების ჩანაცვლება ალტერნატიული წყაროებით – შეუძლებელია. ერთი შეხედვით ამ პატარა კვადრატებში იმალება იდუმალი ძალა, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ცივილიზაციისთვის, რომ რაიმე მიზეზით მათი წარმოების შეწყვეტა მთელ პლანეტაზე ეკონომიკის პარალიზებას იწვევს, რაც განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა კოვიდ-19 პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც მიკროჩიპების დეფიციტმა საწარმოო პროცესებისა და მსოფლიო მასშტაბით მიწოდების ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, ხოლო რიგი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია – სრულად პარალიზებულ იქნა. ამიტომ წამყვანი სახელმწიფოები ძალისხმევას არ იშურებენ და ტექნოლოგიური კონკურენციისა და მარათონის პირობებში ცდილობენ ნახევარგამტარებისა და მიკრო თუ ნანოტექნოლოგიების გლობალური წარმოების ჯაჭვში საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოვებას.
წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია მსოფლიოში არსებული ვითარება აღნიშნული მიმართულებით და როგორ ცვლის იგი არა მხოლოდ მიკროელექტრონიკის სამყაროს, არამედ პოლიტიკასაც. აქცენტირება ხდება იმაზე, როგორ აქცია პანდემიამ და ჩიპების დეფიციტმა ტაივანის დიდწილად ანონიმური სერვისების კომპანია TSMC (Taiwan Semiconductor Manufacturing Company) – მომავლის ტექნოლოგიებისთვის გლობალური ბრძოლის ცენტრად. აგრეთვე მოცემულია ჩინეთ-შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის დაძაბული ვითარება და რაოდენ მწვავე და მგრძნობიარეა ჩინეთისთვის ტაივანის „დაბრუნება“, რათა გახდეს აბსოლუტური ლიდერი მიკროჩიპების წარმოებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ უსაფრთხოებაზე, რამდენადაც იქ ჩინეთის სამხედრო ბაზების განლაგების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნება კუნძულების მთელი ჯაჭვისა და უახლოესი წყლის სივრცის კონტროლი. თუმცა, გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციები, კომპლექსურად ცვლის უსაფრთხოების გარემოს და რა იქნება ხვალ, ამას მომავალი გვიჩვენებს.
საკვანძო სიტყვები: ნახევარგამტარები, „სმარტ ტექნოლოგიები“, ჩინეთი, ტაივანი, მიკროჩიპების წარმოება, „სილიკონის ფარი“.